მიხეილ სააკაშვილი: საქართველო 2008 წელს გადარჩა გმირების წარმოუდგენელი ძალისხმევითა და ხალხის ერთიანობით (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლისთავს ეხმაურება.
როგორც ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აცხადებს, საქართველო 2008 წელს გადარჩა ქართველი გმირებისა წარმოუდგენელი ძალისხმევით, ხალხის ერთიანი და განსაკუთრებული დამოკიდებულებით.
სააკაშვილი, ასევე, ამბობს, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, საქართველოს მთავრობის დამხობა და ქართველი ერის გატეხა.
“დღეს სრულდება 11 წელი მას შემდეგ, რაც მრავალი პროვოკაციის, შეიარაღებული შეტაკების, დიდი საერთაშორისო პროპაგანდის, კიბერშეტევების, ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ პუტინი დაესხა თავს სრულმაშტაბიანად საქართველოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალებით. ჩემთვის 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე. ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი – გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართველი საზოგადოება, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც შეიკრა ერთ მუშტად, დადგა ყველა ერთად რუსთაველზე, გააკეთა ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს მაშტაბით; არ შედგა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და დაიცვა თავისი ქვეყანა. ეს არის ნამდვილი გმირობა იმიტომ, რომ 2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერცერთი სტრატეგიული ამოცანა. მათ ვერ შეძლეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და ვერ შეძლეს ქართველი ერის წელში გატეხა. ამგვარად, საქართველო მაშინ გადარჩა ჩვენი გმირების წარმოუდგენელი ძალისხმევით, ჩვენი ხალხის ერთიანობითა და განსაკუთრებული დამოკიდებულებით“, – ამბობს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები