ვასილ მაღლაფერიძე: სავალდებულო სამხედრო სამსახური ყველამ უნდა გაიაროს

“ვიდრე ჯარში სამსახური კანონით სავალდებულოა, სამხედრო სავალდებულო სამსახური ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე უნდა გაიაროს – ყველამ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს”, – ამის შესახებ საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე წერს.
“რეალურად, გამოდის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური სინამდვილეში მხოლოდ ზოგიერთისთვის ყოფილა სავალდებულო, რაც პრინციპულად და კატეგორიულად არასწორია.
სადაური წესია, რომ ერთი მოქალაქე, კანონის თანახმად, მიჰყავთ სახელმწიფოს დასაცავად, მეორეს კი ამისთვის არ სცალია, სხვა საქმე აქვს ან, უბრალოდ, არ მოსწონს ყაზარმაში ძილი და ჯარიდან თავის არიდებაც იმავე კანონის ფარგლებში ჯდება.
ვიდრე ჯარში სამსახური კანონით სავალდებულოა, სამხედრო სავალდებულო სამსახური ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე უნდა გაიაროს – ყველამ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არა აქვს. ვინც ნებისმიერი სხვა მიზეზით თავს არიდებს სამხედრო სამსახურს, კანონით უნდა ეთქვას უარი იმ სახელმწიფოს სამსახურში დასაქმებაზე, რომლის დაცვაზეც მან უარი განაცხადა.
და ბოლოს, საერთოდ, რა აზრი აქვს ისეთი კანონის მიღებას, რომელსაც თან იმდენი გვერდის ასაქცევი ხვრელი ახლავს, რომ კანონი ბუტაფორიად რჩება. ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ პატრიოტები სულელები გამოვიდნენ, ხოლო სხვის ხარჯზე პატრიოტები – ჭკვიანები”, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები