ტყიბულში სოფელ ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის (ხრესილი თემის) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სარესტავრაციო პროცესი, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 2 ეტაპად წარიმართა და ის შპს „ბედეკი WESTI“-მ განახორციელა.
სააგენტოს არქეოლოგიური მეთვალყურებით ძეგლის ტერიტორია სამშენებლო ნარჩენისაგან გაიწმინდა. ეკლესიის დეფორმირებულ უბნებზე მოიხსნა ქვების წყობა, რომლის დაკარგული ნაწილები უხეშად თლილი კირქვით აღდგა, სარკმლის ჩამოშლილი საპირე წყობა კი დამუშავებული კირქვით რესტავრირდა.
ტაძრის ინტერიერში, ჩრდილოეთისა და სამხრეთ კედლებზე აღდგა კამარის საბჯენი კაპიტელები და თაღები, კონქის დეფორმირებული ნაწილები გადაეწყო უხეშად დამუშავებული კირქვით, სახურავის ხის ელემენტები დამუშავდა ანტისეპტიკური ხსნარით და ლორფინის იმიტაციის მქონე დაფერილი თუნუქით გადაიხურა.
საკურთხეველში კირხსნარზე მოეწყო იატაკის ავთენტური ფორმის ახალი ფილები, დამზადდა ხის კარი და შეიმინა სარკმლები, ინტერიერსა და ფასადებზე კი კედლების ნაკერები სპეცკირხსნარით ამოივსო და გამაგრდა.
რესტავრაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით განხორციელდა.