ლევან კობერიძე: საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის დასმა არ ხდება

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებზე ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხის დასმა არ ხდება.
დეპუტატის თქმით, ყველაზე მთავარია, რომ 2020 წლის არჩევნებში, თუნდაც ერთჯერადად, ყველა ამომრჩევლისთვის მონაწილეობა არჩევნებში გახდეს სავალდებულო, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ უნდა არც „ქართული ოცნება“ და არც “ნაციონალური მოძრაობა”.
ამის შესახებ დეპუტატმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების მესამე რაუნდის დაწყების კომენტირებისას სოციალურ ქსელში დაწერა.
„ახლა რასაც ვუყურებთ და ვისმენთ, საარჩევნო კანონმდებლობის სამუშაო შეხვედრებზე არ ხდება ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხის დასმა და წამოწევა! შესაბამისად, უნებლიედ და ზოგიერთის მხრიდან ნებით, ხდება შეყოლა ხელისუფლებისა და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური “ტანდემისათვის” სასურველ ორპოლუსიანი პოლიტიკის თამაშში, რაც დამაზიანებელია ქვეყნისათვის!
ყველაზე მთავარი საკითხი ( პროპორციულთან ერთად) არის, 2020 წელს არჩევნებში, თუნდაც ერთჯერადად, ყველა ამომრჩეველი მოქალაქისათვის სავალდებულო გახდეს მონაწილეობა არჩევნებში, რომ მოვიდეს, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ უნდა არც „ქართული ოცნება“ და არც “ნაციონალური მოძრაობა” – მხოლოდ ასე იქნება ახალი ჯანსაღი ძალების შემოსვლა რეალურ პოლიტიკაში შესაძლებელი !!!
“შავი ფულის” ტრიალი პოლიტიკაში უნდა იყოს უმკაცრესად დასჯადი – ამაზე არავინ საუბრობს ამ შეხვედრებზე, რომლებზეც ხელისუფლება ჩვენ, დამოუკიდებელ დეპუტატებს, რატომღაც, არ გვიწვევს ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად.
პ.ს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების შემოთავაზებულ დაფინანსების ამ ფორმას კი ბიუჯეტის ხარჯზე პატარა პარტიების “მოსყიდვის” ნიშნები შეიმჩნევა“, – წერს დამოუკიდებელი დეპუტატი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები