სოსო მანჯავიძე: ანაკლიის პროექტის მთელი მოგება კონსორციუმმა უნდა წაიღოს და სახელმწიფომ მხოლოდ ზარალი აანაზღაუროს?
ექსპერტი სოსო მანჯავიძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მაია ცქიტიშვილის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რა მარტივ სქემასთან გვაქვს საქმე – თუ პროექტი მომგებიანი იქნება, მთელი მოგება კონსორციუმმა უნდა წაიღოს, ხოლო თუ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ პროექტის მომგებიანობა შესაბამისი რაოდენობის ტვირთების მოზიდვით, მაშინ ამ პროექტის დამფინანსებელ ბანკებს ზარალი მან უნდა აუნაზღაუროს. ვინც საკითხის ასეთი არანორმალური და ქვეყნისთვის სარისკო დაყენებას აპროტესტებს, რუსეთის ინტერესების გატარებაში დადანაშაულდება.
ის, რომ კონსორციუმმა თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა და უკვე მესამედ ვერ მოახერხა ტენდერის პირობებით გათვალისწინებული თანხის მობილიზაცია, ასევე რაღაც მითიურ რუსულ ინტერესს ბრალდება. ძალიან მოხერხებულ მეხამრიდად ჩამოყალიბდა რუსეთი ქართულ სინამდვილეში, მართლაც გაუგებარია, როგორ შეიძლება სახელმწიფოს არანაირი კონტროლის მექანიზმი არ ჰქონდეს მაშინ, როცა მას აიძულებენ თავის თავზე აიღოს პროექტთან დაკავშირებული მთელი რისკები და ეს ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით მოახერხონ. მინისტრის გამოსვლამ ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, – როგორც ნათქვამია“, – წერს ექსპერტი.