მაია ცქიტიშვილი: მთავრობა არ უთითებს, თუ საიდან უნდა მოიზიდოს კონსორციუმმა პორტის ასაშენებლად საჭირო დაფინანსება
„მთავრობას კონსორციუმისთვის არ უთქვამს, რომ მას უნდა მოეზიდა თანხა უშუალოდ ამ ოთხი ბანკისგან. კონსორციუმის ვალდებულება იყო, დამატებით მოეზიდა, თავად კონსორციუმის მიერ განსაზღვრული, პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო თანხა – 520 მილიონი, მას შეეძლო საკუთარი ფული შემოეტანა პორტის მშენებლობისთვის“,- ასე პასუხობს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტის კითხვას – არსებობს თუ არა ანაკლიის პორტის ასაშენებლად დაფინანსების მოძიების სხვა ალტერნატივა, გარდა იმ 4 მსხვილი ბანკისა, რომლებთანაც კონსორციუმი აწარმოებს მოლაპარაკებას.
„თქვენ იცით, რომ კონსორციუმში არის 4 დამფუძნებელი, მათ შორის, თანაბარ პროცენტებს ფლობს ქართველი და უცხოელი ინვესტორი – ამერიკული კომპანია „კონტი“ და სწორედ კონტის დიდი სამშენებლო გამოცდილება და მისი ფინანსური მდგომარეობა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც შეძლო კონსორციუმმა ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნების გადალახვა. შესაბამისად, პორტის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საკუთარი დაფინანსებით, როგორც ამ კონსორციუმს, ისე სხვას“,- ამბობს მაია ცქიტიშვილი.
ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის მსგავსი დიდი პროექტების დაფინანსებისას, სესხის აღება არის ბუნებრივი და მიღებული ფორმაა და ბანკები, რომელსაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სესხის გამოყოფაზე ელაპარაკება, სწორედ ის ბანკები არიან, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს.
„ის, რომ კონსორციუმმა მიმართა ამ 4 ბანკს, იყო ბუნებრივი, თუმცა იყო მათი გადაწყვეტილება და ეს არ ყოფილა მთავრობის მითითება. პირიქით, მთავრობა მხოლოდ მას შემდეგ დაეხმარა ამ ბანკებთან ურთიერთობაში, რაც მათ გამოხატეს სურვილი მათგან დაფინანსების მოზიდვის“,- ამბობს მაია ცქიტიშვილი.