მთავრობამ სპეციალური პროგრამა შექმნა – „ეს გულისხმობს, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის პროცენტის თანადაფინანსება მოვახდინოთ”
“ვინაიდან ტურიზმის სექტორი ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, ძალიან ბევრ მოქალაქეს ისევე, როგორც არსებულ მეწარმეს, იმის სურვილი ჰქონდა, ბიზნესი გაეფართოებინა ან ტურიზმის სექტორში ბიზნესი დაეწყო”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ სპეციალური პროგრამა გააკეთა, რომელიც სექტემბერში ამოქმედდება.
პრემიერმინისტრმა პროგრამის მნიშვნელობა განმარტა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ყველაზე მოწყვლადი ტურიზმის სექტორია, რითაც საქართველოს მოქალაქეები დაზარალდნენ და, პირველ ყოვლისა, დაეხმარება მცირე და საშუალო სასტუმროების მეპატრონეებს სჭირდებათ.
„ეს პროგრამა გულისხმობს, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის პროცენტის თანადაფინანსება მოვახდინოთ, ვინაიდან ისინი შემოსავალს ელოდებოდნენ და ეს შემოსავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც აუცილებლად უნდა გადავდგათ. ვინაიდან, ტურიზმის სექტორი ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, ძალიან ბევრ მოქალაქეს ისევე, როგორც არსებულ მეწარმეს, იმის სურვილი ჰქონდა, ბიზნესი გაეფართოვებინა ან ტურიზმის სექტორში ბიზნესი დაეწყო. ამ სიტუაციის გამო, შეიძლება, ინვესტიციები ამ სექტორში შეჩერდეს, რაც დაუშვებელია. მეორე რასაც გავაკეთებთ და რაც ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად შევიმუშავე, საკრედიტო საგარანტიო სქემაა. ასეთ მეწარმეებს სახელმწიფო დაუდგება გარანტად, რომ არცერთი პროექტი შეჩერდეს, რომლის მშენებლობაც და განვითარებაც იგეგმებოდა. ასევე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რომ სავალუტო შემოსავლები, რომელსაც ქვეყანა იღებს, მზარდი იყოს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები გახლავთ, რომელიც გვაქვს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.