“ჯორჯიან ეარვეისი”: გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისთვის

“რუსეთის მიერ დაწესებული ავიასანქციების გავლენით „ჯორჯიან ეარვეისმა“, დაახლოებით, 25 მლნ დოლარის ზარალი მიიღო”, – ამის შესახებ კომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მენეჯმენტი ფინანსური დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის.
„საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო. ავიაკომპანიას მოუწია უკვე რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება. გარდა ამისა, მკვეთრად შემცირდა ავიაბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი, რითაც ავიაკომპანიამ, ჯამურად, დაახლოებით, 25 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მენეჯმენტმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ავიაკომპანიისთვის გაეწია ფინანსური დახმარება. საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ავიაკომპანიის თხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზიანის ნაწილობრივი კომპენსაცია მოეხდინა „ჯორჯიან ეარვეისისთვის“, რითაც გვერდში დაუდგა ქართულ ავიაკომპანიას.
გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისთვის და ვიმედოვნებთ, არსებული პრობლემები უახლოეს მომავალში სრულად აღმოიფხვრება“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები