გიორგი ქობულია: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არა მთავრობის, არამედ პროექტის პრობლემაა

“​ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრობლემა პროექტშია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.
გიორგი ქობულიას თქმით, კითხვები არა მარტო მას, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტებსაც გაუჩნდათ, როდესაც ღრმად ჩაიხედეს.
„ჩვენ გვინდა დავინახოთ, რატომ მოუგებს ანაკლიის დერეფანი სხვა დერეფნებს ტვირთის გატარებაში, გატარების თვითღირებულებისა და გატარების დროის თვალსაზრისით. როდესაც კონსორციუმი ასეთი ტიპის დასაბუთებას მოიტანს, მაშინ იქნება სერიოზული ლაპარაკი. ამ შემთხვევაში კი ლაპარაკი არასერიოზულია. ეს კითხვები გამიჩნდა არა მხოლოდ მე, არამედ – საერთაშორისო ინსტიტუტებსაც, როდესაც ღრმად ჩაიხედეს. როდესაც მინისტრი ვიყავი, ერთ-ერთი საფინანსო ინსტიტუტი EBRD-ი, მისი ხელმძღვანელის სახით შეგვხვდა ჩვენ, მთავრობას, სადაც იყო კონსორციუმის ხელმძღვანელობაც და ზუსტად ეს პრეტენზია გამოითქვა, რომ მათ კომერციული ანალიზი ვერ დაინახეს. ამიტომ მათ საკუთარი ანალიზი ჩაატარეს. ამ ანალიზის მიხედვით, დიდ რისკებს ხედავენ და სახელმწიფოსგან გარანტიებს ითხოვენ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ქობულიამ აქვე ისიც აღნიშნა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უნდა მოიტანოს საბუთი, სადაც დასაბუთებული იქნება, რომ შეგროვებული აქვთ მათი წილი 100-მილიონი კაპიტალი.
„როდესაც მინისტრი ვიყავი, პრაქტიკულად, თვეში ერთხელ ვხვდებოდი მათ და მათგან ამ საბუთს ვითხოვდი. მპირდებოდნენ, მაგრამ ასეთი საბუთი ჩემი მინისტრობის დროს ვერ ვნახე“, – განაცხადა ქობულიამ.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები