ხაზარაძე-ჯაფარიძეს მმართველთა საბჭოდან გასვლის შემდეგ ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმში” აქციები და ვალდებულებები ისევ ექნებათ
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მმართველთა საბჭოდან გასვლის შემდეგ აქციები და ვალდებულებები ისევ ექნებათ. ამის შესახებ ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმში” აცხადებენ.
,,აქციონერებად და დამფუძნებლებად რჩებიან, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა დატოვეს და თანამდებობები. შესაბამისად მართვაში, თავმჯდომარე და მოადგილე აღარ იქნებიან, მაგრამ აქციონრები და წილი, ეს ყველაფერი რჩება. დამფუძნებლები არ იცვლებიან ცხადია და ისინი არიან კონსორციუმის ვალდებულებებშიც და აქციონერთა სიაშიც”, – აცხადებენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტის დირექტორთა საბჭოდან გადიან – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ დღეს საქალაქო სასამართლოში, პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ის და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პროექტის გადარჩენის მიზნით, მმართველი საბჭოდან გავლენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლია არის შემოტრიალება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომლებთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს. ეს არის ასევე მიმართული აბსოლუტურად გაუგებარი რამ, რომ ამბობენ, რომ ანაკლიას ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობა იძახის და მეორე მხრივ, პირდაპირ ღიად ებრძვიან ამ პროექტს. მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას, ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია, ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით, ამას ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს”, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიებად 700 -700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.