აშშ-ში კანონის დამტკიცებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად“ უნდა გამოცხადდეს
აშშ-ის კონგრესის, კოლორადოს შტატის რესპუბლიკელი სენატორი და ჰელსინკის კომისიის წევრი, კორი გარდნერი გამოდის ინიციატივით, რომ საჭიროა კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა განსაზღვროს – არის თუ არა რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყანა.
თვითონ გარდნერი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეიძლება, უწოდო „ტერორიზმის სპონსორი ქვეყანა“.
„შეხედეთ, რა გააკეთა რუსეთმა ბოლო წლების განმავლობაში – ის სირიაში ასადის რეჟიმს დაეხმარა, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს კლავს და თავად გახდა ამ მკვლელობების თანამონაწილე. ასევე, ევროპაში მოწამვლებით იყო დაკავებული, ფაქტობრივად, ქიმიური თავდასხმა განახორციელა. ეს არის რეჟიმი, რომელიც ტერორს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“, – აღნიშნა სენატორმა.
კორი გარდნერმა შესაბამისი კანონპროექტი აპრილში კონგრესში უკვე წარადგინა.
„ვფიქრობ, რუსეთის დასახელება ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად მსოფლიოსთვის მესიჯი იქნება, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც უკანონობას ეყრდნობა, რომ ის არ ჩერდება საერთაშორისო ნორმების დარღვევის წინაშე და რომ შეერთებული შტატები ამას არ შეეგუება“, – განაცხადა კონგრესმენმა.
თუ აშშ-მ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად გამოაცხადა, ეს მკაცრი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციებს დაწესებას გამოიწვევს.
ამჟამად, ტერორიზმის სპონსორ ქვეყნების სიაში არიან ირანი, სირია, სუდანი და ჩრდილოეთ კორეა.
წყარო: ამერიკის ხმა