თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის ბენეფიციარებს სერვისებს შესთავაზებს

ქალაქ თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანია აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით ბენეფიციარების საზოგადოებასთან ინტეგრაცია, რესოციალიზაცია, მათი განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა.
როგორც “კვირას” დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა – ნინია მაჭარაშვილმა, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა – ლადო ჯავახიშვილმა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ – კობა ხუბუნიამ მოაწერეს.
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან ბენეფიციარებს შესთავაზებს თბილისის მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების სერვისებით სარგებლობას, მიმდინარე ღონისძიებებზე დასწრებასა და საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამებში მონაწილეობას.
მემორანდუმის ხელმომწერები აქტიურად ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციაზე მიმართული აქტივობების დაგეგმვაში, რაც არასრულწლოვნებში დანაშაულის რისკის შემცირებასა და განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვას განაპირობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები