იულია სუსლიაკის საქმეს უკრაინის გენერალური პროკურატურა გამოიძიებს

იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.
საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ რადგან უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმე გაიგზავნა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში და საქმე, ფაქტობრივად, აღარ არის ქართული მხარის იურისდიქციის ქვეშ, აღარ არსებობდა იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
“აღნიშნულის გათვალისწინებით, 2019 წლის 19 ივლისს იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა, მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება და იმავე დღეს მიეცა შესაძლებლობა, გამგზავრებულიყო უკრაინაში, სადაც იმყოფებიან მისი შვილები, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მან საქართველოს ტერიტორია დატოვა არა უკრაინის, არამედ – აზერბაიჯანის მიმართულებით.
ასევე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის მიმდინარე გამოძიებისას, ბრალდების მხარემ  საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში არაერთხელ მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა, აქამდე ქართულ მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები არ მიუღია. შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება ეფექტურად შეძლებს, მოიპოვოს სისხლის სამართის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ხსენებულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას.
ამასთან, საგულისხმოა, რომ ქართული მხარე გამოძიების დაწყებიდანვე ხელმძღვანელობდა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და, უკრაინული მხარის მოთხოვნის შემდეგ, იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვი მათი მეურვეობისა და ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფის შესახებ გარანტიების მიღების შემდეგ, დაახლოებით, ერთი თვის წინ უკრაინას გადასცა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრისას მიიღეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი მონიტორინგს უწევდა საქართველოში ყოფნის პერიოდში არასრულწლოვნების მდგომარეობას და უკრაინულ მხარეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს მათი ინტერესების რაიმე სახით დარღვევასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები