დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერს შეხვდა

0

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალინმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უმაღლეს ნიშნულზეა. მაღალი შეფასება მიეცა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას, აშშ-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების საკითხებზე. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ განხორციელებულ ვიზიტს აშშ-ში და გამართულ შეხვედრებს როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის, ასევე – ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, კიდევ ერთხელ გამოიხატა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაესვა აშშ-ის როლის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და მის ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის შემდგომი განმტკიცების მნიშვნელობაზე.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისთვის.

კომენტარები

კომენტარი