სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ვაზაგაშვილებისა და გოგალაძის საქმეები საქართველოს სახელმწიფოს მარცხით დასრულდა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება “ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ” საქმეზეც გამოაქვეყნა.
აღნიშნული სიცოცხლის უფლებას ეხებოდა. ეს საქმე სახელმწიფოს მარცხით დასრულდა როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე – საქმის არაეფექტურ და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების ნაწილში.
სასამართლომ, ვაზაგაშვილების სასარგებლოდ, სახელმწიფოს 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა.
ცნობისთვის, 2006 წლის 2 მაისს თბილისში ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ. მაშინდელმა გამოძიებამ განაცხადა, რომ „სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები“ დაიღუპნენ, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. კორტების საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ვაზაგაშვილის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგმა სარჩელი წარმოებაში 2007 წლის ბოლოს მიიღო.
სტრასბურგის სასამართლო, ასევე, განიხილავდა 2008 წელს ნოდარ გოგალაძის წინააღმდეგ სამართალდამცველების არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებულ საქმეს, რომელიც, ასევე, საქართველოს სახელმწიფოს მარცხით დასრულდა. ევროპის სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ დაადგინა, რომ დარღვეულია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის მუხლი.