დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო დავალებათა ელჩთან რელიგიის თავისუფლების საკითხებში, სამუელ ბრაუნბეკთან გამართა.
შეხვედრაზე ელჩმა დადებითი შეფასება მისცა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მინისტერიალში მონაწილეობისთვის, რომელიც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების საკითხებს შეეხება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რელიგიის თავისუფლებისა და შემწყნარებლობის საკითხებში საქართველოს მდიდარ ისტორიულ გამოცდილებას.
საგანგებო დავალებათა ელჩთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე გამახვილდა, მათ შორის – რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და ისტორიული რელიგიური ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე. მხარეები მიესალმნენ რელიგიის თავისუფლების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, რაც წარმოადგენს კარგ მექანიზმს იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილი იქნას მოცემულ საკითხზე.
ცნობისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს 17-19 ივლისს სტუმრობს. დავით ზალკალიანი სახელმწიფო მდივნის მოწვევით რელიგიის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებულ მინისტერიალში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები