“ნიკანორ მელია ცდილობდა პარლამენტის შენობაზე იერიშის მიტანისათვის მის მიერვე ორგანიზებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი”

პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, ნიკანორ მელიას, მის მიერვე ორგანიზებული ძალადობრივი აქტისთვის მშვიდობიანი ხასიათის მოჩვენებითად მიცემა, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის ასაცილებლად სჭირდებოდა.

“ნიკანორ მელია ცდილობდა პარლამენტის შენობაზე იერიშის მიტანისათვის მის მიერვე ორგანიზებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი, რაც მას, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის ასაცილებლად სჭირდებოდა”, – ამის მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ამ ვიდეო მტკიცებულების სრულ ვერსიას და მათ შორის იმ ეპიზოდსაც, რომელზეც ასე დაჟინებით ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას დაცვის მხარე. ვიდეო მტკიცებულების სრული ვერსიის დეტალური ანალიზის შედეგად ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობდა ნიკანორ მელია, პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით განხორციელებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი, რაც მას, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის აცილების მიზნით სჭირდებოდა. ნიკანორ მელია, რეალური დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად, პერიოდულად იყენებდა ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა “ჩვენ უნდა შევიდეთ, მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში“ და ასე შემდეგ. ამავე მიზანს ემსახურებოდა ნიკანორ მელიას მოჩვენებითი მზაობა, მოლაპარაკების გზით ამოეწურა კონფლიქტი, რადგან ამ მშვიდობიანი მოწოდების პარალელურად მოძალადეებმა რამდენიმე ადგილას მოახერხეს პოლიციური კორდონის გარღვევა, რასაც მოჰყვა კიდეც პოლიციელთა მხრიდან მოძალადეთა მოგერიების მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენება.

მოდით ქრონოლოგიურად მივყვეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები.

2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 17:25 საათიდან ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეკრება დაიწყეს მომიტინგეებმა.

აქცია მიმდინარეობდა მშვიდობიანად, თუმცა, დაახლოებით 21:07 საათზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნიკანორ მელიამ და მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდა თუ აქციაზე გახმოვანებული მოთხოვნები ერთ საათში არ დაკმაყოფილდებოდა. „მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არაფერი გვესაქმება პარლამენტის წინ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში (ხელებაწეული), სანამ ხალხი არ დაიბრუნებს ქვეყანასაც და პარლამენტსაც, ჩვენ არც პარლამენტი გვაქვს და არც ქვეყანა“ – ეს არის ის მოწოდებები, რომლებითაც ნიკანორ მელია აგრესიულად განწყობილ აქციის მონაწილეებს მიმართავს.

დაახლოებით 21:46 საათზე, ნიკანორ მელიამ განმეორებით მიმართა აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას და 10 წუთში პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა.

ნიკანორ მელიას ამ მოწოდებიდან 6 წუთში, პარლამენტის წინ მყოფმა მოქალაქეთა ნაწილმა, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ, პერიმეტრზე განლაგებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, იარაღად სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, ასევე სამართალდამცავთა კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება.დაახლოებით 22:51 საათზე, ნიკანორ მელიამ კვლავ მიმართა აქციის მონაწილეებს და მოუწოდა მათ არ დაეტოვებინათ რუსთაველის გამზირი მიზნის მიღწევამდე. „არ ვიცვლით ფეხს აქედან გამარჯვებამდე“ – მიმართავს მელია აქციის მონაწილეებს, რომლებიც გამუდმებული შეტევებით ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შეჭრას. აღნიშნულის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა კვლავაც განაგრძეს სამართალდამცავთა მიმართ ძალადობა იარაღად სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით.

დაახლოებით 23:39 წუთზე, იმ დროს, როდესაც ნიკანორ მელია მეგაფონით მიმართავდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობდა სამართალდამცავებზე თავდასხმას – ართმევდნენ მათ სპეციალურ საშულებებს (ხელკეტებს, ჩაფხუტებს, ფარებს), კორდონიდან იტაცებდნენ პოლიციელებს და აყენებდნენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 23:56 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.

ნიკანორ მელია, ისევე როგორც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით მომიტინგე ნათლად ხედავდა, რომ პარლამენტში მშვიდობიანად შესვლას ვერ შეძლებდნენ, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოს იცავდა ცოცხალი კორდონი და ხდებოდა პერიმეტრის გაძლიერებული დაცვა. ნიკანორ მელია პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის განზრახვის შეფარვისთვის იყენებდა ისეთ ფრაზებს როგორებიცაა: „მშვიდობიანი შესვლა“, „ხელების აწევით შესვლა“ და ა.შ. რითაც ცდილობდა შეენიღბა მისი რეალური განზრახვა.მოწოდების მომენტშიც და მანამდეც, ნიკანორ მელია აცნობიერებდა, რომ იგი საქართველოს პარლამენტის წევრია და იქ მყოფ დემონსტრანტებსა და მხარდამჭერებში სარგებლობს ნდობით და შესაბამისად, მის მოწოდებას შეეძლო მოსალოდნელი შედეგის მყისიერად დადგომა, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ლეგიტიმური პროტესტის გამოსახატად შეკრებილ მოქალაქეებში ემოციური ფონი ისედაც მაღალი იყო.ზემოაღნიშნული მოწოდებებით და სამართალდამცავთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობით ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, რაც დასტურდება აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

რაც შეეხება 2019 წლის 10 ივლისს, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, რომელიც მის ადვოკატს გამოძიებამ მთლიან ვიდეომასალასთან ერთად გადასცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ჩანაწერი არ შეიცავს სრულ კონტექსტს და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს. საზოგადოებამ ცალკეული მედია საშუალებების მეშვეობით, რომლებიც პირდაპირი ეთერში პარალელურ რეჟიმში გადასცემდნენ მელიას ქმედებების ამსახველ ვიდეომასალას და აქციაზე მოვლენების განვითარებას, ნათლად იხილა რა ხდებოდა იმ დროს რეალურად აქციაზე.

ასევე გაცნობებთ, რომ ნიკანორ მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურაში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. ამ დროისთვის გამოკითხულია 80-მდე პირი. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 230-მდე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

საქართველოს გენერალური პროკურატურა საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კვლავ განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული.პროკურატურა რეაგირების გარეშე არ დატოვებს გამოძიების დისკრედიტაციის არც ერთ მცდელობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. ამავე დროს, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაადგენენ ყველა იმ პირის ბრალეულობას, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობას და მონაწილეობდნენ მასში პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით”, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები