დავით ზალკალიანი: მოვიდა დრო, წარმოვადგინოთ ახალი იდეები მომავალი ცვლილებების წასახალისებლად და გავიკვალოთ გზა მომავლისკენ

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ოფიციალურად გაიხსნა. წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩევა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
„ჩემთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე. უკვე ათ წელზე მეტია, ეს კონფერენცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას ასახავს. ეს ისტორია სათავეს იღებს ჩვენი უახლესი ისტორიიდან, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს ურყევი სწრაფვით ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის ადგილის დასამკვიდრებლად“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველომ მრავალი სირთულე და გამოწვევა გაიარა, თუმცა ქვეყანამ გაუძლო ამ ბრძოლას და მომავალშიც გაუმკლავდება. მინისტრის თქმით, ეს არის არჩევანი, რომელიც ამოძრავებს ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყანას შემდგომი განვითარებისკენ, ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციისკენ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 2009 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ჩამოყალიბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ამბიციურმა ინიციატივამ გააერთიანა ევროკავშირი და ექვსი ევროპული ქვეყანა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საერთო პროექტში.
დავით ზალკალიანის თქმით, ამ პოლიტიკამ წლების განმავლობაში ჩამოაყალიბა რეფორმების დღის წესრიგი, რასაც მოჰყვა საქართველოს ტრანსფორმაცია.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ პერიოდის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპელმა პარტნიორებმა, თითოეულმა საკუთარი გზით, პარტნიორობისგან სარგებელი მიიღო. მისი თქმით, სწორედ ეს ხდის „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ უნიკალურს – შესაძლებლობების სივრცე სხვადასხვა ამბიციების და ინტერესების მქონე ქვეყნებისთვის.
მინისტრმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალზე ისაუბრა და მიესალმა ევროკავშირის ახალ ინიციატივას: „მოვიდა დრო წარმოვადგინოთ ახალი იდეები მომავალი ცვლილებების წასახალისებლად, შევძინოთ ახალი დინამიკა და გავკვალოთ გზა მომავლისკენ. ამის გათვალისწინებით, მსურს, მივესალმო ევროკავშირის ინიციატივას, 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის დაიწყოს პარტნიორობის ამოცანებთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი ანალიზის პროცესი“.
დავით ზალკალიანმა დღევანდელი კონფერენციის დღის წესრიგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიმართება დისკუსიები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც დაკავშირებულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამომავლო პერსპექტივებთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მისასალმებელი სიტყვის დასრულების შემდგომ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმინისტრმა – მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ – არჩილ თალაკვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ – თორნიკე რიჟვაძემ.
ღონისძიების მთავარი მომხსენებლები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – დონალდ ტუსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები