გიგი უგულავა: 20 ივნისის, „გავრილოვის ღამის“ გამოძიებას გახარია ბარონ მიუნჰაუზენივით აპირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გამოძიება განწირულია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა 20-21 ივნისის მოვლენების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა.
მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად შეკითხვებს დაუსვამენ.
როგორც უგულავამ განაცხადა, მას არ სჯერა, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წავა.
უგულავამ შს მინისტრი, გიორგი გახარია გააკრიტიკა.
“იმ პირობებში, როცა ვხედავთ, 20 ივნისის, „გავრილოვის ღამის“ გამოძიებას გახარია ბარონ მიუნჰაუზენივით აპირებს, ანუ საკუთარი თავის ქეჩოზე მოკიდებით ჭაობიდან ამოყვანას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გამოძიება განწირულია. რეალურად, არ აპირებს, გასცეს პასუხი, ვინ გასცა ბრძანება ამ სისხლიან დარბევაზე, ვინ ესროლა მაკო გომურსა და დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებმაც მზერა დაკარგეს და დასახიჩრდნენ. ასევე გამოსაძიებელია, რატომ მოხდა ისე, როცა გახარიას ინიციატივით შეხვედრა უნდა შემდგარიყო და ყველა წინაპირობა იყო, სიტუაცია განმუხტულიყო, მოლაპარაკების ნაცვლად გაზის ტყვიები მივიღეთ. ეს არის ის თემები, რომელიც აუცილებლად უნდა დამაგრდეს სამართლებრივად დღეს იმისათვის, რომ ხვალ, როცა მეტნაკლებად იქნება შესაბამისი სიტუაცია, ამ კითხვებზე გაეცეს პასუხი. არ მაქვს ილუზია, რომ დღეს, ხვალ და ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება ეს, მაგრამ ოდნავ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ეს ლეგიტიმური ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები