ლევან კობერიძე მამუკა ხაზარაძეზე: პროგრესული ადამიანების მხრიდან საზოგადოებრივ აქტივობას ყოველთვის მივესალმები
დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძემ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება. როგორც მან აღნიშნა, მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანების მხრიდან საზოგადოებრივი აქტივობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, პოლიტიკური ველი განსხვავებულია ბიზნესველისგან და პოლიტიკაში ხაზარაძის გადასვლა დასაფიქრებელი იქნება.
„ქვეყნის კეთილმოსურნე, პროგრესული ადამიანების მხრიდან საზოგადოებრივ აქტივობას ყოველთვის მივესალმები. თუ უახლოეს ისტორიას გადახედავთ, გაგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაში მონაწილეობა ერთხელ უკვე მიიღო, თუმცა პოლიტიკაში არ შესულა. მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანების მხრიდან საზოგადოებრივი აქტივობა ძალიან კარგია, მაგრამ მის საბოლოო განაცხადს უნდა დაველოდოთ, რომ პოლიტიკაში შემოდის. კონკრეტულ კომენტარის გაკეთება ამის შემდეგ შემეძლება. კერძოდ, თუ ხაზარაძე პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს და მეცოდინება, რა გეგმები და რა მიზნები ექნება, ამის შემდეგ უკვე შემეძლება, კონკრეტული პასუხი გითხრათ, განვიხილავ თუ არა შესაძლებლობას თანამშრომლობის. პიროვნული თვალსაზრისით, მამუკა ხაზარაძეს დიდი ხანია, ვიცნობ. მას ვიცნობ, როგორც სწორი ღირებულებების მქონე, პროგრესულ პიროვნებას, თუმცა ეს ყველაფერი რამდენად იქნება საფუძველი, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს, ეს არ ვიცი. პოლიტიკური ველი ბიზნესველისგან აბსოლუტურად განსხვავებულია და პოლიტიკაში მისი გადასვლა დასაფიქრებელი იქნება”, – განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება არჩევანი, მით უკეთესია ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის.
შეგახსენებთ, „თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.