„ჩემი გემოვნებით, მდარე ხარისხის წამყვანია“ – ანდრია გოცირიძე

“უცოდინრობაა ჩვენი მომრევი და არა – მრავალრიცხოვანი მომხდური-ო”, – ანალიტიკოსი ანდრია გოცირიძე გუშინ „რუსთავი 2-ის“ წამყვანის მიერ პუტინის გინების ფაქტს ქართველი პუბლიცისტის, ნიკო ნიკოლაძის ამ სიტყვებით ეხმაურება, საკუთარ შეფასებას კი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „კვირა“ გოცირიძეს “ფეისბუქსტატუსს” უცვლელად გთავაზობთ.
„1. გაბუნიამ თქვა ის, რაც თქვა. ჩემი გემოვნებით, მდარე ხარისხის წამყვანია (რასაც არხზე ვერ ვიტყვით, მიუხედავად მიკერძოებულობისა, ახერხებს მოწინავე პოზიციების შენარჩუნებას უკვე წლებია). ასეც რომ არ ეთქვა, მაშინაც კი და თანაც ასეთები ადრეც უთქვამს.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ასევე მდარე იყო შარლი ებდოს კარიკატურა, ხოლო პუტინის გინება უთქვამთ ვასიკო ოდიშვილსა და ტატიშვილს და ამას არ მოჰყოლია პროტესტი – ამან ძალიან პერვერტულად თქვა;
2. გაბრაზებულზე არსებობს ოქროს წესი, ათამდე დათვლა და მერე გამოხატვა პოზიციისა. საერთაშორისო რეზონანსი და გამხლეჩი მუხტი ამ ყველაფერს ისევ ჩვენ შევძინეთ: ალბათ, არ ღირდა 4 უმაღლესი ორგანოს ოფიციალური განცხადება ამ უგემოვნო გამოსვლაზე, სულ სხვადასხვა წონითი კატეგორიაა;
3. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა არაპროფესიონალიზმი ამ განცხადებებში. ფრაზები – „მეზობელი სახელმწიფო”, “საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება” არ შეესაბამება ურთიერთობის ხარისხსა და ლანძღვის ობიექტის დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ. ქართველობას არ ეკადრება, არაფერ შუაშია – ზვიადაური ვაჟკაცი იყო, თორემ არც აღაზას შეებრალებოდა. ოღონდ ამას წაკითხვა უნდა. ასევე საჭიროა, ვიცოდეთ, რომ სტრატკომი არ არის მენეჯმენტის პიარი, შუა უდევს დიდი ზღვარი. სტრატკომულად ის ხდება, რომ რუსული პრესა წერს, საქართველოში პუტინის დასაცავი მიტინგები იმართებაო;
4. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გენდერული თანასწორობის მამამ გვითხრა, “კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლილა მბეჭველსაო”, რუსეთისა და, ზოგადად, ომის მიმართ ობიექტური შიში უფრო ძლიერი მოტივატორი აღმოჩნდა, ვიდრე- დემოკრატიული პრინციპები, ანტიკორუფციული მისწრაფებები, ტოლერანტობა ან სხვა.
ცუდია, მაგრამ ბუნებრივია. ეს ძალიან ცუდია. უფრო ცუდი ისაა, რომ შეშინებულმა ხალხმა მთავრობა ამ შიშში მხარდამჭერად აღიქვა განცხადებების ტონიდან გამომდინარე, ამიტომ ეს ხალხი არ იომებს, რუსეთი უმიზეზოდაც რომ დაგვესხას თავს, რაც არაერთხელ გაუკეთებია და ვინმეს მიაბრალებს ომის დროს სახლში ჯდომას, როგორც 1991,1992, 2008…. გაბუნიას ბჟუტურზე თავდასხმა არაა რეალისტური. რეალისტურია, რომ თავდასხმას აპირებს და ასეთი ქმედებებით არყევს წინააღმდეგობას, სიმტკიცეს, საბრძოლო სულს. ასეთ შემთხვევაში მკაცრად რეკომენდებულია დოჩანაშვილის გადაკითხვა, „კანუდოსის“, კერძოდ… არც „გზაზე ერთი კაცი მიდიოდაა“ ურიგო, უფრო დაბალი ასაკისათვის…
5. სახეზეა, უკვე მერამდენედ, პრორუსული განწყობების გაღვივება, პრორუსული ელიტის ფორმირება-აღზევება- აი, ეს არის საშიში, ეს შემოიყვანს პუტინს (აბა, გაბუნიას ჭკუაზე რომ დადიოდეს ვინმე, მაგათ მეტი რა გვყავს აქ) აქ და ამას უნდა გავუმკლავდეთ, მაგრამ ვერ ვუმკლავდებით, ამიტომ, თუ ეს მასა კრიტიკულ მასას მიუახლოვდება ან მაიდანში გადაიზრდება გარკვეული სახესხვაობით, ან შულავერის კომიტეტი ჩამოყალიბდება და ორივე სახიფათოა სახელმწიფოებრიობისათვის;
6. ბოდიშს ვიხდი იმ მეგობრების წინაშე, ვინც ნიკო ნიკოლაძის ფრაზა “დაალაიქა”, სანამ ამას მოვაბოდიალებდი და ძალაუნებურად იმის მომწონებელიც გახდა, რაც შემდგომაა პოსტში. უფრო ჩქარა წერა მე არ შემიძლია და ჩავთვალოთ, რომ მოწონებები ნიკოლაძეს ეკუთვნის“, – წერს ანდრია გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები