რას ემსახურებოდა “ნაცმოძრაობისა და “რუსთავი 2-ის” პროვოკაცია” – აკაკი ზოიძის განმარტება

“რუსთავი 2-ის”, ანუ “ნაცმოძრაობის” მიერ დაგეგმილი პროვოკაცია  უფრო საშიში და შორსმიმავალია, ვიდრე ზოგიერთ „პოლიტიკოსს“ თუ „ანალიტიკოსს“ ჰგონია”, –  ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკაკი ზოიძე წერს და არგუმენტები მოჰყავს.
“რუსთავი 2-ის”, ანუ “ნაცმოძრაობის” მიერ დაგეგმილი პროვოკაცია  უფრო საშიში და შორსმიმავალია, ვიდრე ზოგიერთ „პოლიტიკოსს“ თუ „ანალიტიკოსს“ ჰგონია, რომელიც ახლა „გვამშვიდებს“, რომ ერთი ჟურნალისტის გინების გამო არ დაგვბომბავენ და ომს არ დაიწყებენ. სახელდობრ, წინასწარდაგეგმილი და პარტიულ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული ეს „გინება აქცია“ (ვისაც სჯერა, რომ ეს აქცია არ იყო შეთანხმებული “რუსთავი 2-ის”, ანუ “ნაცმოძრაობის” ფიურერებთან, ჯობს, აქვე შეწყვიტოს კითხვა) ემსახურებოდა და ემსახურება რამდენიმე მიზანს:
1. რომ დღეიდან ნებისმიერი ქმედება, მიმართული “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი პარტიული ტელევიზიის მიმართ, – სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებისა და მისი აღსრულების ჩათვლით  – გადაიქცეს პუტინის დავალების შესრულებად. არ არის გამორიცხული, რომ გააფთრებული პუტინის დავალების შემსრულებლად გამოიყვანონ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ – სტრასბურგის სასამართლოც, რომლის გადაწყვეტილებაც, როგორც ჩანს, უკვე იციან;
2. სახელმწიფოს მეთაურის გარდაცვლილი დედის საფლავის შეგინება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ყურებად არხზე (სამწუხაროდ) ნებისმიერი რუსეთის მოქალაქისათვის, თუნდაც პუტინის შეურიგებელი ოპონენტისათვის, არის წონადი ემოციური არგუმენტი, თუ რატომ უნდა „დაისაჯონ“ „უმადური“ ქართველები უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციებითა და რუსი ტურისტების მხრიდან სრული ბოიკოტით. მიუხედავად ფრენების აკრძალვისა, “ნაცმოძრაობის” ამ მორიგ პროვოკაციამდე  ბოიკოტის მხარდამჭერი არ იყო და პუტინის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა ძალიან ბევრი რიგითი რუსი მოქალაქე, რომელიც მართლაც შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე და წარმოადგენდნენ ჩვენს ყველაზე ქმედით ელჩებს ამ ქვეყაენაში და იმედის საფუძველს, რომ კრიტიკული მასის მიღწევის შემთხვევაში ადრე თუ გვიან შეიცვლებოდა ოკუპაციაზე მიმართული პოლიტიკა. მათი უმრავლესობა, მიუხედავად პუტინის მიმართ სიმპათია-ანტიპათიისა, უკვე ან უარყოფითად განეწყო ჩვენი ქვეყნის მიმართ, ან ძალიან გაუჭირდება საქართველოს მხარდაჭერის გახმოვანება. ეს კი, თავის მხრივ, დიდი ხნით გააღრმავებს პოლიტიკურ კონფრონტაციას, გაურკვეველი ვადით გადაწევს ოკუპირებული რეგიონების პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პერსპექტივის გამოჩენასაც კი და გაცილებით უფრო მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ეკონომიკასა და ძალიან ბევრი მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად გამოწვევს ხელისუფლებით უკმაყოფილების მკვეთრ გაღრმავებასა და „ომის პარტიის“ გაძლიერებას, რაც არის კიდეც ამ დესტრუქციული ძალის ძირითადი მიზანი;
3. თითქმის 100%-იანი გარანტიით ეს პროვოკაცია გამოიწვევს რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ აგრესიას  არა მხოლოდ რუსი ნაციონალისტებისა და სეპარატისტების მხრიდან და პუტინის რეჟიმს მისცემს „ლეგიტიმურ“ საფუძველს, რომ მიიღონ 2006 წლის მსგავსი დრაკონული ზომები, რაც “ნაცმოძრაობისათვის” იდეალურ შემთხვევაში, უნდა დამთავრდეს რუსეთიდან ქართველების ფართომასშტაბიანი დეპორტაციით, რომელიც, ასევე, მკვეთრად გაზრდის ამ ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხის მასას;
4. ამ პროვოკაციების (მათ შორის, გავრილოვის ირგვლივ განვითარებული მოვლენების) დამგეგმავ “ნაცებს” ამოძრავებთ იმედი, რომ ხელისუფლება წამოეგება პროვოკაციას (გუშინ მაუწყებლობის შეწყვეტა და მათი დღევანდელი შემტევი განცხადებები ხელისუფლების მისამართით ამ სცენარში ჯდება) და მართლაც გულწრფელად აღშფოთებული ადამიანების მოთხოვნით განახორციელებს ისეთ ღონისძიებებს გაბუნია/გვარამიას მიმართ, რომელიც მათ ეკლის გვირგვინებს დაადგამს და სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის წამებულის მანტიებში გაახვევს (რაც არ გამოუვიდათ მელიას შემთხვევაში). ეს, მათი აზრით, გარანტირებულად უზრუნველყოფს საზოგადოების თანაგრძნობას (პარადოქსი – ჩვენთან რაც   უნდა ავაზაკი იყო, თუ თავს მოისაწყლებ და ჩაგრულად გასაღდები, საზოგადოების სიმპათია მაშინვე შენკენ ტრიალდება) და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რომელთაც, სიმართლე გითხრათ, უკვე მობეზრდათ “ნაცმოძრაობის” დესტრუქციული ქცევა.
არ მიყვარს „შეთქმულების თეორიები“, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და ამ მიზანმიმართული პროვოკაციების შემდეგ, მე მგონი, აღარ უნდა დარჩეს ვინმე (“ნაცსექტანტების” გარდა), ვინც დაიჯერებს, რომ “ნაცმოძრაობა” მხოლოდ „სასარგებლო იდიოტის“ როლს თამაშობდა პუტინის რეჟიმისათვის მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ეწეოდა რუსეთთან მტრობის შეგნებულ ესკალაციას, „ფსევდოპატრიოტიზმის“ გაღვივებისა და მასზე პარაზიტირების მიზნით.
სწორედ ამიტომ მჯერა, რომ მთლიანად საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ “ნაცმოძრაობა”, როგორც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მტრობის გაღვივების მუდმივი წყარო, პოლიტიკურად დავამთავროთ არჩევნების გზით და პასუხი ვაგებინოთ ყველა ამ ქვეყნის წინაშე დამნაშავეს, რომელთაც ეს მოძრაობა ასეთი შესაშური სისტემატურობით აწარმოებს”, – წერს ზოიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები