„წუხელ წამყვანმა საკუთარი არხის დირექტორი უხამსობის დიდ შეჯიბრში გამოიწვია“ – თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ტელევიზიის წამყვანის სიტყვა, როგორიც უნდა იყოს ის, ომის პროვოცირებას ვერ გამოიწვევს.
„რადგან “პოსკრიპტუმით” დასრულდა გუშინდელი, დღეც მეც “პოსკრიპტუმით” დავიწყებ.
მთელი გუშინდელი დღე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, ევროპისკენ მიმავალი საქართველოს თითქმის ერთთვიან ზეიმთან დაპირისპირების, ამ აქციების არსისა და მნიშვნელობის ნიველირების მცდელობა იყო და გაბუნიას ღამის ეთერმა, უბრალოდ, დააგვირგვინა ეს ერთგვარი შეტევა რუსთაველზე შეკრებილ ახალგაზრდებზე.
სოლიდარობა, პირველ ყოვლისა, გვერდში დგომასა და, მინიმუმ, ხელის არშეშლას ნიშნავს მანამ, სანამ იმათი მიზანი, ვისთანაც სოლიდარული ხარ, არ არის მიღწეული. გუშინ სწორედ რომ პრორუსული სენტიმენტების ხელახალი მობილიზების, ახალი ენერგიის ჩასხმის მცდელობა განხორციელდა სხვადასხვა მხრიდან.
გარდა იმისა, რომ დავადგინეთ, გაბუნია უზრდელია, “რუსთავი 2-ზე” პოზიციის გამოხატვა მეგაუზრდელობის გარეშე არ შეუძლიათ და წუხელ წამყვანმა საკუთარი არხის დირექტორი უხამსობის დიდ შეჯიბრში გამოიწვია, კიდევ ბევრი რამ გაირკვა გუშინ.
ანა-ბანა:
გაბუნიას გინება ეწერება საქართველოს საწინააღმდეგო საინფორმაციო ომის სტრატეგიაში ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ამასობაში, დიდებული კოზირი მისცა ხელისუფლებას დისკურსის შეცვლისთვის;
ხელი გაუხსნა ხელისუფლების მწყობრში ჩამდგარ ბოდიშს, რომელიც სახელმწიფოებრივ ღირსებას გვილახავს;
პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, სპეციფიკური და უკიდურესი არაკომპეტენტურობის საზომია:
ტელევიზიის წამყვანის სიტყვა, როგორიც უნდა იყოს ის, ომის პროვოცირებას ვერ გამოიწვევს. ხელისუფლებაში თქვენ ხართ! თქვენ! მაგრამ, ალბათ, ისე დაასრულებთ ხელისუფლებაში ყოფნას, რომ ამას ვერასოდეს გაიგებთ, ვერ დაიჯერებთ!
ომის პროვოცირებაც და არდაშვებაც მხოლოდ თქვენს ხელთაა და მეტი არავისი!
აქვე, იმედი მინდა, დავიტოვო, რომ ქალაქის მერის მიერ დაანონსებული “მკაცრი რეაგირება” იმაზე, რომ ოპოზიციურ ტელევიზიას სუპერ უზრდელი წამყვანი აღმოაჩნდა, ემოციური წამოცდენა იყო და ასეთად დარჩება.
მე კი, ჩემო ხელისუფლებავ, ამ ზღვარგადასულ “კდემამოსილებაში”, წუხელ რომ დაგემართათ, უფრო იმან შემაძრწუნა, რომ რუსეთისთვის, რუსებისთვის, ამხანაგი პუტინისთვის ბოდიშის მოხდის შანსი გაგიჩნდათ და სიმაღლის მიხედვით დაეწყეთ და დასწრებაზე ხართ. თორემ ზღვარსგადასული უზრდელობა რომ გაწუხებდეთ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე გექნებოდათ ხოლმე უხერხულობა.
და ისევ PS-ით დავასრულებ:
ამ სტატუსის დაწერის დროს ასჯერ დავგმე უზრდელი გაბუნია იმიტომაც, რაც მოვისმინეთ და უფრო კი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსოფლიოსადმი მიმართვა გაავრცელებინა – ჩემს ქვეყანაში ერთი უზრდელი ჟურნალისტი მყავს და აუცილებლად უნდა შეაფასოთ მისი საქციელიო”, – წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები