ია მეტრეველი 20 ივნისის მოვლენებზე: ეს იყო სააკაშვილის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია

ეს იყო სააკაშვილის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემაში ,,პირისპირ” განაცხადა .

ამ განცხადებით ია მეტრეველმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იყო თუ არა 20 ივნისს განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და იქვე მადლობა გადაუხადა გიორგი გახარიას, რომ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება ააცილა თავიდან.

,,ისე უცებ განვითარდა მოვლენები და ისეთი სახე მიიღო, რომ, რაც უფრო ვაანალიზებ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეს არის სააკაშვილის მიერ დაგეგმილი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გადავრჩით სერიოზულ სამოქალაქო ომსა და გადატრიალებას, რასაც ნამდვილად ვეღარ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა. თქვენი ეთერის საშუალებით მინდა, რომ დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას, რომ თავიდან აგვარიდა გადატრიალების უბედურება. გაოცებული და აღშფოთებული ვარ იმ კადრების ხილვით, რაც იქ ხდებოდა, იმ შტურმზე, რა მდგომარეობაში იყვნენ ახალგაზრდები და არამხოლოდ ახალგაზრდები. როცა ვუყურებდი ამ კადრებს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ნამდვილად რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, რაზეც მეტყველებს თვითონ ის ფაქტები, რომ იტაცებდნენ პოლიციელებს, ართმევდნენ ფარებს და სასტიკად უსწორდებოდნენ, შემდეგ როგორ აზიანებდნენ სახელმწიფო ქონებას, დალეწეს კაფე-ბარები და მანქანები. ჩვენ 9 წელიწადი ვიდექით 400 ათასი ადამიანი ქუჩაში, ფოთოლი არ ჩამოვარდნილა, ისე ვიდექით, ის იყო მშვიდობიანი აქცია, ვითხოვდით სააკაშვილის რეჟიმის უბედურებებიდან გამოსვლას და სამართალს. ყველაფრის მონაწილე ვარ, 7 ნოემბრიდან დაწყებული 26 მაისი ჩათვლით და ჩემ თვალწინ ხდებოდა საშინელებები. მინდა, ერთ მუჭა ,,ნაციონალებს” ვუთხრა, რომლებმაც გამოიყენეს ახალგაზრდების პროტესტი და გადატრიალებაზე მიჰყავდათ, ჩვენ არ დავუშვებთ სააკაშვილის რეჟიმის და ,,ნაციონალების” უკან დაბრუნებას,”- განაცხადა ია მეტრეველმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები