პროკურორი: ელექტრონული მონიტორინგი შესაძლოა, განხორციელდეს ე.წ. სამაჯურის გზით

პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ გაბინაშვილის მხრიდან გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ელექტრონული მონიტორინგი არის ტექნიკური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს 24-საათიან რეჟიმში ადამიანის ადგილსამყოფლის დადგენის შესაძლებლობას, მათ შორის ეს შესაძლოა, განხორციელდეს ე.წ. სამაჯურის გზით“, – აღნიშნა მან.
როგორც პროკურორმა განაცხადა, დამატებითი ელექტრონული მონიტორინგის გარდა, სააპელაციო სასამართლომ კვლავ ძალაში დატოვა საცხოვრებელი სახლის დატოვებისა და საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვები.
„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, საქმეში არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას მიმართ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩვენი საჩივრის შესაბამისად, მიგვაჩნდა, აღკვეთის ერთადერთი ღონისძიება, რომელიც უნდა გამოყენებულიყო, არის პატიმრობა, მაგრამ ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო. ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესი გირაოს შეფარდების პირობებში განხორციელდება.
განსხვავებით პირველი ინსტანციისგან, გამოყენებული იქნა დამატებით ელექტრონული მონიტორინგის საშუალება, ეს არის ტექნიკური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს 24-საათიან რეჟიმში ადამიანის გადაადგილებისა და მისი ადგილსამყოფელის დადგენის შესაძლებლობას, მათ შორის ეს შესაძლოა, განხორციელდეს ე.წ. სამაჯურის გზით.
რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის დატოვებას, საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით დაწესებულ აკრძალვებს, სასამართლომ სრულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. წინასწარი ინფორმირება საგამოძიებო ორგანოსი საცხოვრებელი ადგილის დატოვების საკითხზე, კვლავ ძალაში რჩება“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს პროკურატურა განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები