ხონში არასრულწლოვნის მამა ყოფილ მეუღლეს შვილის გატაცებას ედავება

ხონში მცხოვრები დავით ლიპარიშვილი ამბობს, რომ მის შვილს ღამით პირზე დააფარეს ხელი და ისე მოიტაცეს. მისი მტკიცებით, 29 ივნისს ღამით სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა პოლიციასთან ერთად მათი საცხოვრებელი სახლიდან არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით წაიყვანეს.
მისივე თქმით, ბავშვმა წერილიც დატოვა, რომელშიც წერს, რომ დედასთან ცხოვრება არ სურს. ოჯახის წევრებმა დასახმარებლად ქუთაისში სახალხო დამცველის ოფისს მიმართეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხონში პოლიციამ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება დამცავ ორდერზე და მამისგან ბავშვი გადაიყვანა დედასთან სახლში.
“2019 წლის 28 ივნისს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნის მამა აღიარებულ იქნა მოძალადედ. სასამართლომ მამას აუკრძალა ბავშვთან ყველა სახის კომუნიკაცია და მიუთითა, რომ 10 წლის გოგონა გარიდებული უნდა ყოფილიყო მოძალადე მამის საცხოვრებელი ადგილიდან. მეორე დღეს  სასამართლომ პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს გამუგზავნა დამცავი ორდერი, რომლის პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა პოლიციის ვალდებულებაა. 29 ივნისს  იმერეთის სამხარეო და ხონის პოლიციის თანამშრომლები, სოციალურ მუშაკთან, ფსიქოლოგთან, ბავშვის კანონიერ წარმომადგებელსა (დედასთან) და მის ადვოკატთან ერთად მივიდნენ ბავშვის საცხოვრებელ ადგილას. პოლიციამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში უზრუნველყო შესაბამის პირთა უსაფრთხოება. არასრულწლოვნის მამის შეტყობინების საფუძველზე, სადაც ის აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან ძალადობის გამოყენებით, მისი ყოფილი მეუღლისა და ადვოკატის მიერ  გაყვანილი იქნა მისი არასრულწლოვანი შვილი, ხონის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პრიმას “ა” ქვეპუნქტით”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები