თამარ ჩუგოშვილი: ყველა პარტიას, რომელსაც მცირედი მხარდაჭერა მაინც აქვს, პარლამენტში ადგილის მოპოვების შესაძლებლობა მიეცემა

“პოლიტიკური პარტიები, რომელიც წლების განმავლობაში საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვდნენ, როგორც კი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე წავიდა საუბარი, ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცეპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს “შერატონ მეტეხი პალასთან” განუცხადა, სადაც საარჩევნო სისტემის რეფორმის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს.
მისი თქმით, პრეზენტაციას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
„ყველა ძალიან კარგად დაინახავს, ვინ ასრულებს ამ პოლიტიკურ პროცესებში კონსტრუქციულ როლს და ვინ ასრულებს დესტრუქციულს. პოლიტიკური პარტიები, რომელიც წლების განმავლობაში საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვდნენ, როგორც კი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე წავიდა საუბარი, ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებენ. დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამისთვის ჩვენი პარტნიორები ნახავენ თვალნათლივ, ვინ რა როლს ასრულებს პოლიტიკურ რევოლუციაში. ჩვენი ინიციატივის მიხედვით, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მცირედი მხარდაჭერა მაინც აქვს ხალხში, აქვს შესაძლებლობა, რომ ადგილი მოიპოვოს პარლამენტში“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ბლოკების თემა მისთვის გაუგებარია.
„ზოგი ამბობს, რომ კარგია ნულოვანი ბარიერი; ზოგი ამბობს, რომ უნდა იყოს სამი პროცენტი. ყველა გამოდის თავისი პარტიული ინტერესიდან. ჩვენი ამოცანაა, რომ დავაბალანსოთ ეს ინტერესები. ბლოკების თემა ჩემთვის გაუგებარია. პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არ შეუძლია, 11-12 ათასი ხმა მიიღოს და მაინც ითხოვს ადგილს პარლამენტში, მოსახლეობამ განსაჯოს, რამდენად ეკუთვნის მათ ადგილი საკანონმდებლო ორგანოში”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები