სოფო გორგოძე: ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად სამზადისი თითქმის დასრულებულია
„სამზადისი თითქმის დასრულებულია. 23-ვე ცენტრში ბოლო დეტალები ზუსტდება“,- ამის შესახებ ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგაძემ განაცხადა.
მან აბიტურიენტებს მოუწოდა, რომ არ დაიგვიანონ საგამოცდო რეგისტრაციაზე, თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი.
„სამზადისი თითქმის დასრულებულია. 23-ვე ცენტრში ბოლო დეტალები ზუსტდება. რამდენიმე საათში გვექნება ყველა ცენტრში გენერალური რეპეტიცია. ყველაფერი გაიტესტება ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს ხვალ. რეპეტიციის შემდეგ უკვე შეიძლება ითქვას, რომ მზად ვიქნებით აბიტურიენტების მისაღებად. ვთხოვ აბიტურიენტებს, არ დაიგვიანონ რეგისტრაციაზე. თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ ცენტრის ცხელ ხაზს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
პირველ ივლისს, ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ ტესტს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა. მასწავლებლის კომპეტენციას 31500-მდე აპლიკანტი დაადასტურებს.