თამარ ჩუგოშვილი: „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ მუშაობას საფრთხე არ შეექმნება, ამ მიმართულების სახელმწიფოს მხრიდან მუშაობა გაზრდილია
“ვფიქრობ, სრული შესაძლებლობა ექნებათ როგორც მწერლებს, ასევე გამომცემლებს, „ლიტერატურის ეროვნული ფონდში”, საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსების წყალობით, საკმაოდ ეფექტურად იმუშაონ”,- ამის სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი იმ ქართველი მწერლებისა და გამომცემლების პროტესტს გამოეხმაურა, რომლებიც „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ გაუქმებას ეწინააღმდეგებიან.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით მუშაობა გაზრდილია.
„რეალობა არის ის, რომ ორი სხვადასხვა სსიპი, რომელიც სამინისტროს ფარგლებში ფუნქციონირებდა, არის გაერთიანებული. ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეუშლის ხელს ახალი სსიპ-ის ფუნქციონირებას. პირიქით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მუშაობა არის გაზრდილი. არასდროს სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება და ხელშეწყობა ასეთ თანხაში არ ყოფილა გამოხატული”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მწერლებისა და გამომცემლების ნაწილი „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ გაუქმებას აპროტესტებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ მათ პრესკონფერენცია გამართეს.