ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილ სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთდოულად პროკურატურა და დაცვის მხარე ასაჩივრებენ

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც „კვირას“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, უწყებამ საჩივრით სააპელაციო სასამართლოს დღეს მიმართა. საჩივრის განსახილველად, სააპელაციო სასამართლოს 72-საათიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება, საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს ნიკა მელიას ადვოკატმაც მიმართა. ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. პროკუარტურის მიერ ნიკანორ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდების დადგენილების თანახმად, მას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმიწ წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები