შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება – წითელი ალმები უკვე აღმართულია
საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე, 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას, არ შევიდნენ ზღვაში. კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე. მთელ სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც დროებით ზღვაში შესვლის აკრძალვის მანიშნებელია. მობილიზებულია მაშველთა დამატებითი ჯგუფებიც, რომლებიც სანაპირო ზოლზე პატრულირებენ და ხმის გამაძლიერებლბებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.
შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე თეთრი ალმები აღიმართება.