სასამართლო: თუ ნიკანორ მელიამ გირაოს პირობები და ვალდებულებები დაარღვია, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება უფრო გამკაცრდება

“იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ გირაოს პირობები და დამატებითი ვალდებულებები დაარღვია, მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შესაძლოა, შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით”, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორ მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.
პროკურორმა შუამდგომლობით ითხოვა ნიკანორი მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მისი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინებით, ასევე, მიუთითა ბრალდებულის მიერ სხვა საქმეზე შეფარდებული მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პირობების დარღვევის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, შუამდგომლობის განხილვისას საქმის მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არსებობს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, 30 000 ლარის ოდენობით გირაოს პირობებშიც. ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად განესაზღვრა 20 დღე.
სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; ამდენად, გაზრდილი გირაოს ოდენობის და დამატებითი ვალდებულებების დაკისრების პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულად იქნება უზრუნველყოფილი აღკვეთის ღონისძიების მიზნები.
სასამართლოს განმარტებით, გირაოს პირობებისა და დამატებითი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შესაძლოა, შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაინიშნა 2019 წლის 14 აგვისტოს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები