პროკურორი: საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, მათ შორის – სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები

დღეს სასამართლომ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრი, ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
სასამართლოს დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ მელიამ სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული გირაო, აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მის მიმართ არის გამოყენებული, დაარღვია.
„მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე ნიკანორ მელიას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის, ასევე, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული გირაო, აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მის მიმართ არის გამოყენებული, დაარღვია. ასევე, მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, გუშინ არ გამოცხადდა ბრალდების შესახებ დადგენილების გასაცნობად და ჩასაბარებლად“. – განაცხადა გულუაშვილმა.
პროკურორის თქმით, რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეზე, ამ ეტაპზე სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს სასამართლოს მხრიდან, მათ შორის, მტკიცებულებების შეფასებას და იმის განსაზღვრას, რამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. შესაბამისად, ყველა ეს საკითხი დღევანდელ სხდომაზე დეტალურად იქნება განხილული.
„საქმეში არ მოიპოვება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები, საქმეზე, ბუნებრივია, დაიკითხებოდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ იქ მიმდინარე მოვლენებში. საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, არამედ ის პირები, ვინც მისულები იყვნენ მიტინგზე და წარმოადგენდნენ მოქალაქეებს.
ეს პიროვნება, რომელიც გუშინ დასახელდა, რეალურად არ მეორდება, რამდენადაც მე მაქვს აღნიშნულის დამადასტურებელი ინფორმაცია. ე.წ. კირკიტაძის საქმეში ის მოწმედ არ დაკითხულა. თუ დაცვის მხარეს განსხვავებული ინფორმაცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, იმედს ვიტოვებ, რომ წარმოადგენს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის დოკუმენტს. რაც შეეხება ყველა სხვა დანარჩენ საკითხს, რაც აღკვეთის ღონისძიების განხილვაზე განიხილება. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, უშუალოდ მოისმინოთ. მე უკვე აღვნიშნე ის საფრთხეები, რაც შუამდგომლობაში ჩვენ მიერ არის მითითებული და თითოეულ საფრთხეზე სასამართლო სხდომაზე გავაკეთებთ განმარტებებს და დავასაბუთებთ“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე, მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გუშინ პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები