პრემიერი: დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს

„ვფიქრობ – ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის მზადაა, სხვა ნებისმიერ დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის წლიური ანგარიში წარუდგინოს.
„დღეს იგეგმებოდა პარლამენტისთვის მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც მთავრობა და პარლამენტი აკეთებენ შეფასებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
ბუნებრივია, ჩვენ ვართ ვალდებული, საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ – ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან.
შესაბამისად, მზად ვარ, ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე, მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს.
ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს“, – განაცხადა მამმუკა ბახტაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა სავალდებულოა, რაც საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს – ივნისში უნდა მოხდეს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერმინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა 27 ივნისის სესიაზე იყო დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები