პროკურორი: მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ნიკა მელია მიტინგზე მყოფებს, ნებისმიერი გზით, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა

„მცდელობა აქვს ბრალდების მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დისკრედიტაციას, მტკიცებულებათა დახლეჩას, მათ დაყოფას, არასწორად ინტერპრეტირებას, დამახინჯებული ფორმით წარმოდგენასა და საზოგადოების გაზნრახ შეცდომაში შეყვანას“, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტაზე მსჯელობენ.
პროკურორის თქმით, ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურაში სამ საათზეა დაბარებული და მას მტკიცებულებები გადაეცემა.
„ამ ზღვა მასალის დამუშავება მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურაში აღნიშნული გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება ექვს მოწმეზე საუბარს – ჩემთვის გასაკვირია, საიდან ფლობენ დეპუტატები ამ ინფორმაციას. აქ კითხვა დაისვა, რომ ადვოკატს, თურმე, არ აძლევენ მასალებს, მაგრამ დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ადვოკატი დაბარებული არის სამართალდამცავ ორგანოში. მოხდება მტკიცებულებების გადაღება, შესაბამისი ასლები მომზადდება. სისხლის სამართლის საქმე შეიცავს ძალიან ბევრ, მათ შორის ელექტრონულ ინფორმაციას, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ასლის დამზადება, რათა დაცვის მხარეს გადაეცეს. მნიშვნლოვანი გარემოებაა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს წესს, როდის უნდა მოხდეს მტკიცებულებათა გადაცემა დაცვის მხარისათვის. კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პირველ წარდგენამდე ბრალდების მხარე ვალდებულია გადასცეს მტკიცებულებები, რომლის გამოყენებასაც აპირებს ბრალდებულის წინააღმდეგ“, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, პირველი წარდგენის სხდომა ჯერ არ ჩატარებულა და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია განცხადებები, თითქოს გამოძიება მალავს მტკიცებულებებს ან აჭიანურებს.
„საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში იმ ფაქტობრივი გარემოებების აღწერა, რაც, საბოლოოდ, ჩამოყალიბდა დანაშაულებრივ ქმედებად, რომელიც შესაძლოა, ჩაიდინა ნიკა მელიამ. საუბარია მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებენ არა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ის ტელევიზიების წინ გამოსვლისას, მეგაფონით მოუწოდებდა ხალხს პარლამენტში შესვლისკენ მშვიდობიანი გზით, ხელებაწეულები, არამედ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა, მეგაფონის გარეშე ნიკა მელია მიტინგზე მყოფ პირებს მოუწოდებდა, ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შესასვლელად. საქმეში ასევე მოიპოვება ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება ნიკა მელიას მონაწილეობა“, – აღნიშნა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები