ალეკო ელისაშვილი: კარგად გვახსოვდეს, რატომ იხდის სასჯელს ვანო მერაბიშვილი – აქციის დარბევის გამო

“სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია უნდა გადადგეს. ამის შესახებ ელისაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოსაყენებლად, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, აუცილებელია, შს მინისტრმა პოლიციელებს მისცეს შესაბამისი ბრძანება. ახლა რა ხდება, თურმე, 10 პოლიციელი გაყარეს პოლიციიდან და მინისტრი, ვითომ, არაფერ შუაშია? ბრიყვების ქვეყანა არ ვართ, ნამდვილად.
შს მინისტრია პასუხისმგებელი, იქ თუ მერე ვიღაცას ხელი ზედმეტად წაუცდა, უფრო სადისტია ერთი თანამშრომელი, ვიდრე მეორე, ეს მეორე ამბავია. როცა სხვებზე, დაბალ ღობეებზე გინდა ჯოხის გადატეხვა და მინისტრი, ბრძანების გამცემი პირი, არაფერს იმჩნევს, ეს ძალიან უხერხულია. კარგად გვახსოვდეს, რატომ იხდის სასჯელს ვანო მერაბიშვილი. ერთერთი მუხლი, რის გამოც ის გასამართლებულია, არის 26 მაისის დარბევის მუხლი, 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა სასამრთლომ 26 მაისის აქციის დარბევის გამო. რამით ნაკლები მოხდა ახლა? მგონი, არა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა, აქედან  ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ გუშინ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები