სოფო კილაძე „ნაცმოძრაობაზე“: მოახდინეს პროვოკაციები, დაგეგმეს სახელმწიფო გადატრიალება, მერე თვითონ გაიპარნენ შარშანდელი თოვლივით

უმრავლესობის დეპუტატმა, სოფო კილაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და ასევე, მოითხოვა იმ პირების დასჯა, ვინც 20 ივნისს თავის უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა.
სოფო კილაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება იქ დაშავებული ყველა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
„ჩვენ, რამდენიმე დღის წინ ძალიან სამწუხარო მოვლენების მომსწრე გავხდით. სამწუხაროდ გვყავს დაშავებული ადამიანები. ადამიანები, ვინც თვალი დაკარგა და ამას ყველაფერს სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ბუნებრივია, უმკაცრესად ვითხოვთ, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის ადამიანი, ვინც გადაამეტა კანონით მასზე მინიჭებულ უფლებამოსილებას და ჩაიდინა დანაშაული. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, ვინც ასეთი საშინელება ჩაიდინა და ეს არის ჩვენი მოვალეობა. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ დავემსგავსებით „ნაცმოძრაობას“. მაგრამ, ეს რა თქმა უნდა არ მოხდება, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ვალდებულება გვაქვს ქვეყანა განვავითაროთ დემოკრატიული გზით. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ ყველა იმ პოლიციელს, რომელიც იქ იდგა იმ საშინელ დღეს და იცავდა ადამიანის უფლებებს. არ ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, ვინც წყალს აწოდებდა ადამიანებს. არ ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, რომლებმაც მართლა გმირულად აიტანეს დამცირება, ცემა, ვაი-უშველებელი სწორედ ამ პროვოკაციული მოძრაობის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არამედ ვგულისხმობ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამა ადამიანებზე, ასევე, მათი ჯანდაცვის კუთხით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობა იყოს სტაბილური, მათი ჯანმრთელობა აღდგეს და როგორც დღეს, ასევე მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის, ფინანსური ვალდებულებების შესრულების კუთხით, რომ ეს ადამიანები იყვნენ ჯანმრთელად.
ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი სირცხვილი, როდესაც ვნახეთ გავრილოვი ირაკლი კობახიძის სავარძელში. ჩვენ მოვახდინეთ ამაზე რეაგირება და გადავიხადეთ პოლიტიკური ფასი. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მივმართო აუცილებლად – რას უპასუხებენ საზოგადოებას იმაზე, რომ მათ მოახდინეს პროვოკაციები, მათ დაგეგმეს სახელმწიფო გადატრიალება და ისინი აქეზებდნენ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჰქონდათ გულწრფელი პროტესტი, აქეზებდნენ ამ ადამიანებს, რომე მიეტანათ შტურმი სახელმწიფო ორგანოზე, პარლამენტზე. მერე თვითონ გაიპარნენ შარშანდელი თოვლივით. ამაზე რას უპასუხებთ, მართლა მაინტერესებს.
ისევე, როგორც მოვითხოვ დამნაშავე პოლიციელების დასჯას, მოვითხოვ ასევე იმ ადამიანების დასჯასაც, ვინც ატარებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ წააქეზეს ადამიანები და ვითხოვ იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, ვინც ცდილობდა მიეტანა შტურმი პარლამენტზე, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით. ეს ჩვენ თუ არ გავაკეთეთ, ყველაფერს თავისი სახელი თუ არ დავარქვით, დიდი ხანი კიდევ ეს ქვეყანა იქნება ვაი-უშველებელში. აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, ვინც ჩაიდინა დანაშაული უნდა აგოს პასუხი და ეს არის ჩვენი სამართალდამცველების ვალდებულება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები