„ხალხს ხელისუფლების შესაცვლელად ქუჩაში გამოსვლა აღარ დასჭირდება“ – ელისაშვილი პროპორციულ სისტემაზე

“პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის შემთხვევაში ხალხს აღარ დასჭირდება მინისტრების გადასაყენებლად ან ხელისუფლების შესაცვლელად ქუჩაში გამოსვლა”, – ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „სამოქალაქო მოძრაობის“ პოზიციაა, რომ 3% ან სამს ზემოთ იყოს ბარიერი.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროპორციული არჩევნები ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის წინაშე, როდესაც წარსულს უნდა ჩავაბაროთ ამ ქვეყნის შემაფერხებელი სისტემური პრობლემა და ეს სისტემური პრობლემა იყო მაჟორიტარების არსებობა. მაჟორიტარები არიან ფეოდალები, მომსხდრები თავიანთ რაიონებს. ზოგიერთი მაჟორიტარი 20 წელზე მეტია, პარლამენტშია, სიტყვით ერთხელაც არ გამოსულა. ისინი ფულის საკეთებლად არიან იქ.
რაც შეეხება ნულოვან ბარიერს – ჩვენი, „სამოქალაქო მოძრაობის“ პოზიციაა, რომ 3% ან სამს ზემოთ იყოს ბარიერი, რათა უფრო კრისტალიზება მოხდეს პოლიტიკური სპექტრისა, თუმცა ვერც ნულოვან ბარიერში ვხედავთ ეროვნულ ტრაგედიას. კი ბატონო, ივანიშვილს ათასი მცდელობა ექნება, რომ მოისყიდოს, პატარ-პატარა პარტიები გაიყვანოს, მაგრამ ის, რომ ივანიშვილი ცუდი სტრატეგია, მისმა მმართველობამ გვაჩვენა, უზარმაზარი ნდობით მოსულმა კაცმა წყალში ჩაყარა ყველაფერი და დაამთავრა იმით, რომ 7 ნოემბრის გამეორება მოუწყო საკუთარ მოსახლეობას.
პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის შემთხვევაში ხალხს აღარ დასჭირდება მინისტრების გადასაყენებლად ან ხელისუფლების შესაცვლელად ქუჩაში გამოსვლა იმიტომ, რომ ხალხის განწყობების პირდაპირპროპორციული, სარკისებური ასახვა იქნება პარლამენტში”, – განაცხადა ელისაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, „სამოქალაქო მოძრაობა ” უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
ცნობისთვის, ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები