გავრილოვი: არც მაინცდამაინც მყუდრო და კომფორტული სავარძელი იყო

ისე რა სავარძელი იყო, არც მაინცდამაინც მყუდრო და კომფორტული. თუმცა ჩვენ მოკრძალებული ხალხი ვართ ტაბურეტებზე დამსხდრებსაც შეგვიძლია მუშაობა, – ასე შეაფასა რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, რუსეთის ტელეარხ „ენ-ტე-ვეს“ გადაცემაში – „შეხვედრის ადგილი“.
„ისე რა სავარძელი იყო, არც მაინცდამაინც მყუდრო და კომფორტული. თუმცა ჩვენ მოკრძალებული ხალხი ვართ ტაბურეტებზე დამსხდრებსაც შეგვიძლია მუშაობა“,- განაცხადა სერგეი გავრილოვმა.
გადაცემაში დეპუტატმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის დელეგაცია საქართველოში საპროტესტო აქციებს არ ელოდა, რადგან, მისი თქმით, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციებმა უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღეს.
​გავრილოვმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება გადასცეს, რომლის თანახმადაც, გავრილოვის საქართველოში ვიზიტი არასასურველია, რადგან მას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული და აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. ის აღნიშნულ ბრალდებებს შეცდომას უწოდებს.
„არასდროს ამიღია ხელში იარაღი და მონაწილეობა არ მიმიღია საბრძოლო მოქმედებებში. ხოლო ცხელ წერტილებში მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით, ქრისტიანების დასახმარებლად ვარ ნამყოფი“, – განმარტა გავრილოვმა ტელეეთერში.
მისივე თქმით, არც ერთმა ქართულმა არხმა არ უარყო მის წინააღმდეგ მცდარი ბრალდება, პირიქით, დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რუსები ოკუპანტები არიან.
გავრილოვი ინერვიუში პუტინის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი მუშაობს რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ქვეყანაში “რადიკალებისა” და “ექსტრემისტების” გავლენა ძალიან ძლიერია და ვიდრე ხელისუფლება წესრიგს არ დაამყარებს და მომხდარისთვის ბოდიშს არ მოუხდის რუსეთს და სხვა ქვეყნებს, რუსებისთვის საქართველში მოგზაურობა არ ღირს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები