„ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ბელადების მმართველობა დავამთავროთ“ – იაგო ხვიჩია ნულოვან ბარიერზე

“ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში ბელადების მმართველობა დავამთავროთ”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრეკონფერენციაზე ნულოვან საარჩევნო ბარიერზე საუბრისას განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ყველაზე სამართლიანი საარჩევნო სისტემაა.
მისივე თქმით, ბელადებსა და მათ მხარდამჭერებს ამ წესრიგის მიღება არ სურთ.
„გუშინ ჩვენ შემოგვთავაზეს ყველაზე სამართლიანი საარჩევნო სისტემა, რომელიც შეიძლება, გვქონდეს ერთპალატიანი პარლამენტის შემთხვევაში. უბარიერო სისტემა არის ერადერთი სისტემა, რომელიც საარჩევნო პროცესში სუბიექტების ერთმანეთთან თანასწორობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ის არის ყველაზე სამართლიანი და უკეთესი მოწყობის წესი არჩევნებისთვის. წესრიგი, რომელიც გეუბნება, რომ შენ პარლამენტში გეყოლება იმდენი წარმომადგენელი, რამდენ ხმასაც აიღებ, არის ყველაზე სამართლიანი და გასაგები წესრიგი. ნებისმიერი სხვა ბარიერის დაწესება – 3 %-იანის, 4 %-იანის , 5-%-იანის, დამოკიდებულია არა რაიმე საღ აზრზე, არამედ – ვიღაცის გემოვნებაზე. როგორც კი ამ პანდორას ყუთს გავხსნით და ვიტყვით, რომ ვიღაცის გემოვნების მიხედვით შეიძლება, იყოს საარჩევნო ბარიერი დაწესებული, ხვალ და ზეგ, როცა ხელისუფლება შეიცვლება, ვიღაცები გვეტყვიან, დღეს რომ 3 დავაწესეთ, 5 ჯობს; ვიღაც იტყვის, რომ 5 ცოტაა, 10 ჯობს, როგორც, მაგალითად ერდოღანი ამბობს თურქეთში. თუ ივანიშვილთან გვაქვს ბრალდება, რომ მას ხელისუფლების დათმობა არ უნდა და ამიტომ სურს უბარიერო სისტემა, უნდა გვესმოდეს, რომ მთელს მსოფლიოში ხელისუფლების შემნარჩუნებელი ხალხი, ვისაც ძალაუფლების დაკარგვა არ უნდა, პირიქით იქცევა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, მაღალი ბარიერებით ხელისუფლება ძალაუფლებას ინარჩუნებს.
„როცა ბარიერი ქვემოთ იწევა, არავის დედამიწის ზურგზე ბრალდებად არ ჰქონია, რომ ეს ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით კეთდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს, ქართველ ხალხს. საქართველოში გამოდიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც, ძირითადად, არიან ასოცირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ , მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ეს დაღუპავს ქვეყანას და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პოლიტიკური ძალების სინქრონი დაიწყო . თუ ვინმეს არ აწყობს უბარიერო პროპორციული სისტემა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. სხვა პოლიტიკურ ძალებს, თუ ისინი სასარგებლო იდიოტები არ არიან, უნდა ესმოდეთ, რომ ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ არიან აყოლილები. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ორკესტრს აჰყვა NGO სექტორი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ფულს იღებს იმისთვის, რომ რაღაც პრობლემა აღმოაჩინოს და მერე ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იბრძოლოს. ვისაც აზრი მოეკითხება, იცის, რომ უბარიერო პროპორციულ სისტემას პრობლემები ერთპალატიან პარლამენტთან მიმართებით არ გააჩნია.
მე, ასევე, შეუძლებელი მგონია ოპოზიციური პარტიების დარწმუნება იმაში, რაც მათ ისედაც იციან, მაგრამ „ნაციონალურ მოძრობას“ არიან აყოლილებები და არ უნდათ რევოლუციური მუხტის დაგდება რუსთაველზე.
პროპორციული საარჩევნო სისტემა ბარიერის გარეშე ყველასთვის თანასწორია. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ დამთავრდა რევოლუციური სცენარების დრო. რამდენ ხმასაც აიღებ, იმდენი კაცი გყავს პარლამენტში, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერ გეყოლება ბელადები. ბელადი ვერ იქნება ვერც ბიძინა, ვერც მიშა. ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალშიც საქართველოში დავამთავროთ ბელადების მმართველობა. ბელადებსა და მათ მხარდამჭერებს დღეს არ უნდათ ამ წესრიგის მიღება.
შემოგვთავაზეს სისტემა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილიც კი ვერ აიღებს მომავალ პარლამენტში უმრავლესობას. ეს გარანტირებულია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები