ზვიად ძიძიგური: მე ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ქმედებები იყო სრულიად ლეგიტიმური, იძულებული გახდა პოლიცია, რომ ძალა გამოეყენებინა

პარლამენტის ვიცესპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა სატელევიზიო ეთერში 20-21 ივნისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ეს იყო პარლამენტის შენობაში ძალადობით შეჭრის მცდელობა და პოლიციელებზე თავდასხმა, რა დროსაც პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებები იყო ლეგიტიმური.

“ბევრჯერ გადავახვიე ეს კადრები, რაც ხდებოდა იმ ღამეს პარლამენტის შენობასთან. ეს იყო პარლამენტის შენობაში ძალადობით შეჭრის მცდელობა, ამ დროს პოლიციამ რა უნდა გააკეთოს, უნდა მისცეს ადამიანების ჯგუფს, რომლებიც აღგზნებულები არიან, რომლებმაც მრავალგზის შეტევას ახორციელებენ პოლიციაზე. 240 ადამიანი დაშავდა იმ დღეს, მათ შორის 80 პოლიციელი, ეს მიუთითებს რომ პოლიციაზე თავდასხმებს ჰქონდა ადგილი. იმ ღამეს პოლიციამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალა გამოიყენა ლეგიტიმურად. ის რომ გამოძიება მიმდინარეობს, თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა ძალას და თავის უფლებამოსილებას გადაამეტეს, ესეც მიუთითებს რომ სწორი პროცესები მიმდინარეობს.

ბატონი გახარია აპირებს, რომ პარლამენტის წინაშე წარსდგეს და თავისი მასალები წარმოადგინოს, მტკიცებულებები, ფაქტები თუ რასთან გვქონდა საქმე 20 ივნისის ღამეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართული საზოგადოება დარწმუნდეს პოლიციის ქმედება იყო ლეგიტიმური თუ არა თავის საქციელში. ძალიან ცუდი რამ მოხდა და ყველას მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო, ეს ბევრჯერ მოხდა საქართველოში და აღარ არის სასურველი ამის ნახვა და გამეორება.

პარლამენტის შენობაში შეჭრა ეს ხომ არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ამის გაკეთებაზე, ყველა ხომ შეთანხმებული ვართ, პოლიტიკური სპექტრი, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი, ასეთ პროცესებს საქართველოში კეთილი საქმე არასოდეს გაუკეთებია. ყველა გადატრიალებას, რევოლუციას მძიმე და გამოუსწორებელი შედეგები მოჰყოლია.

ორი საათი პოლიცია იდგა და მასზე მიმდინარეობდა თავდასხმა, აყენებდნენ შეურაცხყოფას. გაუნძრევლად იდგნენ პოლიციელები 2 და მეტი საათის განმავლობაში. როდესაც ჩვეულებრივმა პოლიციამ ვეღარ გაუძლო ამ შემოტევას, მხოლოდ შემდეგ გვიან მოხდა სპეცრაზმის შემოყვანა.

დარწმუნებული ვარ ყოველგვარი კრიზისის, არეულობისა და დაძაბულობის გარეშე მოახერხებს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მოსვლას და საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემას.

მე ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ქმედებები იყო სრულიად ლეგიტიმური, იძულებული გახდა პოლიცია რომ ძალა გამოეყენებინა. ნამდვილად არ მსიამოვნებს ამაზე საუბარი და სიხარულით არ ვლაპარაკობ, ჩვენ ვიყავით ასეთი რეალობის მომსწრეები. გადაცდომებს ადგილი ჰქონდა თუ არა სწორედ ამიტომ დაიწყო გამოძიება და პოლიციელთა ჯგუფს ამიტომ შეუჩერდა უფლებამოსილება.” – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები