მამუკა ბახტაძე: ვინც მიდის კონსტიტუციის დარღვევის გზით, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის, მას კანონი გასცემს პასუხს

უპასუხისმგებლო და მოძალადე ჯგუფისთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, მათთვის მიუღებელია არჩევნები, დემოკრატიული პროცესები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც არის იმის გარანტი, რომ საქართველოში ყოველთვის იქნება პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გაისმა პირდაპირი მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრის შესახებ, რომელიც დემოკრატიას განასახიერებს.

„ის, რაც ხუთშაბათს ვნახეთ, იყო სრულიად მიუღებელი, რამაც გამოიწვია გულწრფელი და ობიექტური ვნებათაღელვა ჩვენს საზოგადოებაში. ეს იყო ძალიან მძიმე დასანახი და ამას მოჰყვა ძალიან მკვეთრი შეფასებები, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერების მხრიდან. შემდეგ ე.წ ასამბლეა შეწყდა და რუსულმა დელეგაციამაც დატოვა საქართველო. საღამოს ჩვენ ვიხილეთ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი, თუმცა, მოგვიანებით კიდევ ერთხელ დავინახეთ მცდელობა ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის მხრიდან, ეს გამოეყენებინათ პროვოკაციის მიზნით და იერიში მიეტანათ ჩვენს კონსტიტუციაზე. სხვა შეფასება ამას არ შეიძლება ჰქონდეს. ეს იყო მძიმე სანახავი. მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის” პირდაპირი მოწოდებები, რომ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში – სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც განასახიერებს ჩვენს დემოკრატიას. ბუნებრივია, ამას არავინ დაუშვებდა. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა და შეაფასა. დღეს განვითარებული მოვლენებიც ამაზე მეტყველებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ დაზიანდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

„ეს იყო ძალიან მძიმე წუთები ნებისმიერი ქართველისთვის. ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური შეფასება, რაც დღეს გავაკეთეთ. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც პატივს სცემს კონსტიტუციას. ვინც მიდის კონსტიტუციის დარღვევის გზით, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის, მას კანონი გასცემს პასუხს”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები