პოროშენკო: ვინც გეგმავთ თქვენს შვებულებას, ჩემი თხოვნა იქნება, გაემგზავრეთ მზიან ქართულ კურორტებზე(ვიდეო)

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო საქართველოს მხარდასაჭერად სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს და უკრაინელებს ქართულ კურორტებზე დასვენებისკენ მოუწოდებს. ვიდეომიმართვა პოროშენკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, საქართველო ეკონომიკურად დაასუსტოს, ამიტომ დარტყმას ქვეყნის ტურიზმს აყენებს.
ვიდეომიმართვაში პოროშენკო იმასაც აღნიშნავს, რომ დროა უკრაინამ საქართველოს სახელის შეცვლაზე იფიქროს და “გრუზია” “საქართველოთი” ჩაანაცვლოს.
„ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც გამოდის რუსეთის და მისი აგრესიის წინააღმდეგ და ებრძვის ოკუპაციას. საქართველოს წინააღმდეგ კრემლი ტრადიციულად იყენებს იმავე ხერხებს, რომლებსაც რუსეთი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში იყენებს. ახლა მოსკოვს კვლავ სურს, საჰაერო მიმოსვლის დაბლოკვით საქართველოს ეკონომიკურად დასუსტება და დარტყმას აყენებს საქართველოს ტურიზმს“, – ამბობს ვიდეომიმართვაში პეტრო პოროშენკო.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინელებს საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ყირიმში დასვენების ნაცვლად, საქართველოში გამგზავრებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ, უკრაინელებმა, არ უნდა დავტოვოთ გასაჭირში ჩვენი ქართველი ძმები. მინდა, მოვუწოდო, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც გეგმავენ საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში დასვენებას, გადაერთონ საქართველოზე. ვინც ჯერ კიდევ გეგმავთ თქვენს შვებულებას, ჩემი თხოვნა იქნება, გაემგზავრეთ შესანიშნავ, მზიან ქართულ კურორტებზე, სადაც ქართველები თავიანთ სტუმართმოყვარეობას გაჩვენებენ“, – აღნიშნავს პოროშენკო.
ამასთან, პეტრო პოროშენკო უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, საქართველო-უკრაინის ავიარეისებს საჰაერო ნავიგაციის მომსახურების მოსაკრებელი შეუმციროს.
„მივმართავ უკრაინის მთავრობასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით, ამ პერიოდში​ უკრაინა-საქართველო-უკრაინის რეისებზე საჰაერო ნავიგაციის მომსახურებისა და აეროპორტის მოსაკრებლებზე ფასდაკლება გააკეთონ​. ავიაკომპანიებს კი ბილეთების ფასის შემცირება შეუძლიათ. საქართველომ კიევის სახელწოდებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა (Kiev – Kyiv). ვფიქრობ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს ოფიციალური სახელწოდების შეცვლის შესახებ („გრუზიას“ ნაცვლად). საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს“, – განმარტავს პოროშენკო ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები