გარდაბანში 76 წლის მამაკაცმა სიძე მოკლა – ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1943 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 ივნისს, ურთიერთშელაპარაკებისას, სიძეს – 1980 წელს დაბადებული ბ.ნ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ჯერ გარდაბანში მდებარე კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში, საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.