მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში ქართველი სამბისტები ჩაერთვებიან

დღეს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში ქართველი სამბისტები ჩაერთვებიან.

მეოთხედფინალურ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის სახელით, პირველი მინდია ლილუაშვილი გამოვა (68 კგ) და რუსეთის წარმომადგენელ ნიკიტა კლეცკოვს დაუპირისპირდება. 82 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბესარიონ ბერულავა აზერბაიჯანელ ჯეიჰუნ ჰუსეინოვს შეხვდება, ხოლო 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით ლორიაშვილი რუს არსიმ ჩერნოსკულოვთან გაარკვევს ურთიერთობას.

რაც შეეხება ქართველ ქალებს, ნინო ოძელაშვილი (72 კგ) რუმინელ ლორენა-ალექსანდრა პედელენცკის შეხვდება, ელენე ქებაძე (80 კგ) – რუს ანა ბალაშოვას, ხოლო მარიამ ჯანაშვილი (56 კგ) ფრანგ ლორ ფურნიეს.

სამბოს შეჯიბრებები თბილისის დროით 11:30 საათიდან იწყება. საზეიმო ცერემონიას მინსკის „დინამოს სტადიონმა“ გუშინ უმასპინძლა. გრანდიოზული შოუს ფარგლებში, თეატრალური წარმოდგენები დაიდგა. შოუს მონაწილეებმა მაყურებელს ბელორუსული კულტურა წარუდგინეს და ქვეყნის ისტორია გააცოცხლეს.

22 000 მაყურებლის წინაშე მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა ჩაიარეს. საქართველოს დელეგაციის მედროშე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი იყო.

მეორე ევროპული თამაშები 30 ივნისს დასრულდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები