31 წლის მამაკაცი, რომელიც დამწვრობის ცენტრში ქუთაისში მომხდარი აფეთქების შედეგად მკურნალობდა, გარდაიცვალა

31 წლის მამაკაცი, რომელიც დამწვრობის ცენტრში ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად მკურნალობდა, გარდაიცვალა. რაც შეეხება, გარდაცვლილის დეიდაშვილს, 10 წლის გოგონას, რომელიც დამწვრობის ცენტრში ამავე შემთხვევის შედეგად აღმოჩნდა, ის მკურნალობას აგრძელებს.

როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, 10 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მამაკაცს, რომელიც დამწვრობის ცენტრში დაიღუპა, მომხდარი აფეთქების შედეგად, სხეულის 70% -იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

31 წლის მამაკაცმა, ი. კ.-მ, აფეთქებამდე, ქუთაისში ბენზინგასამართ სადგურზე 4 ცალი 6-ლიტრიანი ცისტერნა ბენზინით გაავსო და ტაქსით ავტომშენებლის დასახლების ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა, სადაც აფეთქება მოხდა.

ცნობისათვის, 18 ივნისს, ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსა, მათ შორის 2 რეანომობილით თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109 ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები