ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ ორ პროექტს იწყებს

მესტიის მუნიციპალიტეტი ზემო სვანეთში ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას უმასპინძლებს, რომლის შემდეგაც დაგეგმილია სახალხო ზეიმი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, თბილისში შვედეთის სამეფოს საელჩო, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (ADA), მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, „ქეა ავსტრია“ და პოლიტიკის მართვის ჯგუფის კვლევის ცენტრი (PMC-RC).

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ. აღნიშნული ღონისძიების შემდეგ, დაბა მესტიისა და მუნიციპალიტეტში შემავალი სასოფლო ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, დაესწროს სახალხო ზეიმს „ევროკავშირი სვანეთში“, რომელიც დაბა მესტიის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება და მოიცავს გასართობ და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს ბავშვების, ახალგაზრდობისა და მთლიანად მოსახლეობისთვის, რათა გაეცნონ ევროკავშირს და მის მხარდამჭერ პროგრამებსა თუ პროექტებს საქართველოში. დამატებით, მიწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ საჭადრაკო ტურნირში.

პროექტების გახსნის ღონისძიებაზე დამსწრეებს ოფიციალური სიტყვით მიმართავენ: საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ავსტრიის ელჩი არად ბენკე, შვედეთის სამეფოს ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საერთაშორისო პროგრამების დირექტორი ჰაინც ჰაბერტოიერი, „ქეა ავსტრიას“ ფინანსური დირექტორი რობერტ ვოლფსბერგერი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელია.

დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში GRETA-ს პროექტის ოფისი გაიხსნება. GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია, განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნესგარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას.

პროექტი საქართველოს სამ რეგიონს: ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთსბმოიცავს. მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები