ეუთოს წარმომადგენელი: ვგმობ გუშინ ღამით თბილისში მიმდინარე დემონსტრაციისას მედია წარმომადგენლებზე ყველა სახის ძალადობასა და თავდასხმას

ვგმობ გუშინ ღამით თბილისში მიმდინარე დემონსტრაციისას მედია წარმომადგენლებზე ყველა სახის ძალადობასა და თავდასხმას, – ამის შესახებ ეუთოს წარმომადგენელმა, ჰარლემ დეზირმა განაცხადა.

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი გმობს თბილისში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას ძალადობის შემცველი ინციდენტებსა და არასათანადო მოპყრობას მედიის წარმომადგენლების მიმართ.

ეუთოს ანგარიშის მიხედვით, 20 ივნისს, მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა  სერიოზული დაზიანებები მიიღო, ძირითადად, სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებისგან. მათ თავს დაესხნენ, დააკავეს ან მათი აღჭურვილობა დააზიანეს მაშინ, როცა ისინი აშუქებდნენ თბილისში მიმდინარე დემონსტრაციას.

„ვგმობ გუშინ ღამით თბილისში მიმდინარე დემონსტრაციისას მედია წარმომადგენლებზე ყველა სახის ძალადობასა და თავდასხმას, როგორც სერიოზულ დაბრკოლებას პლურალიზმისა და მედიის თავისუფლებისთვის. მედიას აქვს უფლება, გააშუქოს საჯარო ღონისძიებები და სამართალდამცავებმა პატივი უნდა სცენ ჟურნალისტების უფლებას, ყოველთვის თავისუფლად და უსაფრთხოდ გააშუქონ მოვლენები“, – განაცხადა დეზირმა.

მან აღნიშნა, რომ Civil.ge-ს ფოტოგრაფმა გურამ მურადოვმა რეზინის ტყვიებისგან ზურგში 11 ჭრილობა მიიღო, „რუსთავი 2“-ის რეპორტიორმა თამარ ბაღაშვილმა ძვლის მოტეხილობა მიიღო, გიორგი სულაშვილმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის გუნდისთვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, თვალი დაკარგა და ყბის მოტეხილობა მიიღო.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტებთან მიმართებით ყველა ინციდენტი და კანონის ფარგლებში ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს. ასევე, მოვუწოდებ, მიიღონ ყველა სასწრაფო ზომა იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს და ხელისუფლებამ მედია ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რათა დემონსტრაციებისას ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები