მიშა მშვილდაძე: მმართველმა პარტიამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი

0

მმართველმა პარტიამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, – ამის შესახებ „ფორმულა კრეატივის“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიშა მშვილდაძემ რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა, მთავარ მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.

„დღევანდელი ჩვენი აქციის მოთხოვნებია, რომ გადადგეს მინისტრი გახარია, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა ადამიანი, რომელიც დააკავეს გუშინ და დღეს, სასწრაფოდ დაისაჯოს ყველა პოლიციელი, რომელიც შემჩნეული იქნა გადაჭარბებულ ენთუზიაზმში, საკუთარი ხალხისთვის ტკივილის მიყენებაში. ამასთან, ჩვენ ვხვდებით, რომ პრობლემა, რამაც გუშინდლიდან აქ შეგვყარა, არის სისტემური ხასიათის – გავრილოვის ერთი წამობრძანება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ამას ერთჯერადი არ ჰქვია, ერთი შემთხვევა არ არის. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომლის გაუაზრებელმა მაამებლურმა პოლიტიკამ ოკუპანტის მიმართ გაათავხედა ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის იდეას. ამიტომ მმართველმა პარტიამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

კომენტარები

კომენტარი