20:00 საათზე სტუდენტები რუსეთის ყოფილ საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ

დღეს, 20:00 საათზე სტუდენტები რუსეთის ყოფილ საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
„გუშინ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა აქციაში, რომელიც პარლამენტთან გაიმართა. მას შემდეგ, რა შევატყვეთ აქციის პოლიტიკური ჭრილი, გადავწყვიტეთ, გადაგვენაცვლა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, სადაც ჩვენ გავაგრძელეთ ყველანაირი პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ჭრილის გარეშე საუბარი, ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და დეოკუპაციისთვის. ბოლო დღეებში ქვეყანაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ხმამაღლა გვინდა, ვისაუბროთ. მინდა, მოვუწოდო ყველა სტუდენტს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავისი ქვეყნის გამთლიანების ინტერესი აქვს – მოვიდეს დღეს აქციაზე 20:00 საათზე. ყველამ ერთად ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, ყველა ქართველისთვის დაუშვებელია ის, რომ რუსი დეპუტატი ჩვენი პარლამენტის ტრიბუნიდან მოგვმართავდეს ჩვენ.
მინდა, ყველა სტუდენტის სახელით განვაცხადო – ჩვენ მთავრობისგან მოვითხოვთ მყარ პოზიციას, დაპირებას იმაზე, რომ რაც გუშინ მოხდა, არასდროს განმეორდება. ვაღიარებთ იმ ფაქტს, რომ როცა რუსთაველზე მშვიდობიანმა აქციამ მიიღო პოლიტიკური ჭრილი და მოექცა სხვადასხვა პარტიის პოლიტიკურ ფრთაში, მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების წაქეზება. ამას მოჰყვა ძალაუფლების გადამეტება. მოვითხოვთ, პასუხისმგებლობა აიღოს იმ ხალხმა, ვინც ბრძანება გასცა“, – განაცხადა გიორგი კიკვაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით, 22:00 საათზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყვანეს. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა,  ზაქარია ქუცნაშვილმა კი სადეპუტატო მანდატი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები